Accentnews.ge
რუმინეთში რუსეთის სასარგებლოდ სახელმწიფო გადატრიალების მზადების ბრალდებით 6 პირი დააკავეს

რუმინეთში რუსეთის სასარგებლოდ სახელმწიფო გადატრიალების მზადების ბრალდებით 6 პირი დააკავეს

06/03/2025 11:19:37 ევროპა

რუმინეთმა გამოავლინა და დააკავა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც რუსეთის ინტერესში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებას გეგმავდა. ამ დროისთვის 6 პირია დაკავებული, - იუწყება პროკურატურა.

მისივე ინფორმაციით, 2023 წელს ხუთმა ბრალდებულმა ერთ ეჭვმიტანილთან ერთად ჩამოაყალიბა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს რუმინული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის რღვევა წარმოადგენდა.

"დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არაერთგზის გავიდნენ კონტაქტზე უცხო სახელმწიფოს აგენტებთან როგორც რუმინეთის, ისე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. იანვარში ჯგუფის ორი წევრი მოსკოვში იყო ჩასული და ეკონტაქტა პირებს, რომელთაგანაც მიიღო მზადყოფნა, ხელი შეეწყოთ ძალისხმევისთვის სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი იბირებდა თანამოაზრეებს და ცდილობდა მოლაპარაკებების წარმოებას უცხოურ პოლიტიკურ და სამხედრო ძალებთან ნატო-დან რუმინეთის გასვლის უზრუნველსაყოფად. მათ საბოლოო მიზანს კი წარმოადგენდა მოქმედი საკონსტიტუციო წყობის ლიკვიდაცია, პოლიტიკური პარტიების გაუქმება, ახალი მთავრობის ფორმირება, ქვეყნის ჰიმნის, ღერბისა და დროშის შეცვლა" - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულთა ვინაობები არ განსაჯაროებულა, თუმცა პროკურატურაში დააზუსტეს, რომ ჯგუფს სამხედრო ტიპის სტრუქტურა ჰქონდა, მისი ერთ-ერთი წევრი კი გადამდგარი გენერალ-მაიორი იყო.

თავად დაკავება 5 მარტს - იმ დღეს განხორციელდა, როცა რუმინეთმა რუსეთის სამხედრო ატაშე და მისი მოადგილე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ვენის კონვენციის დარღვევის ბრალდებით. Euronews-ის ცნობით, რუსი ჩინოსნების რუმინეთიდან გაძევების მიზეზად იქცა მათი დადასტურებული კავშირები მემარჯვენე რადიკალ პოპულისტ კელინ ჯორჯესკუსთან, რომელმაც 2024 წლის დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა. შემდგომში ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა საარჩევნო კამპანიაში რუსეთის დაზვერვის ჩარევის მიზეზით.

ცნობისთვის: რუმინეთი უკრაინას ესაზღვრება. პრეზიდენტის მრჩეველს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში კრისტიან დიაკონესკუს ნათქვამი აქვს, რომ უკრაინის თემაზე აშშ-სთან მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ფარგლებში რუსეთი ამერიკელებს გავლენის სფეროების დაყოფას და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგიდან, მათ შორის რუმინეთიდან ნატო-ს ჯარების გაყვანას სთავაზობდა.

მიმდინარე წლის მაისში რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. დაიშვება თუ არა კანდიდატად ჯორჯესკუ, რომელიც ამჟამად საკონსტიტუციო წყობის საწინააღმდეგო მოქმედების, სიცრუის გამიზნული ტირაჟირებისა და ქსენოფობური და ანტისემიტური ჯგუფების შექმნის ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება, ჯერ უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S