
კალასი: განვიხილავთ მსურველთა კოალიციის შექმნის შესაძლებლობას, რათა ერთმა ქვეყანამ ყველა დანარჩენი ვერ დაბლოკოს
06/03/2025 14:04:44 ევროპა
ვცდილობთ, რომ 27 ქვეყნის ლიდერის ერთობა გვქონდეს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, რას ფიქრობს უნგრეთის მიერ ვეტოების ხშირ გამოყენებაზე, კაია კალასმა უპასუხა, რომ ეს სიტუაციას სულ უფრო მეტად ართულებს.
„ეს უფრო რთული ხდება. ამიტომ ახალი ინიციატივის ფარგლებში ჩვენ ასევე განვიხილავთ მსურველთა კოალიციის შექმნის შესაძლებლობას, რათა ერთმა ქვეყანამ ყველა დანარჩენი ვერ დაბლოკოს. მე არ ვისაუბრებ უნგრეთის სახელით, ჩვენ კვლავ ვცდილობთ, რომ 27 ლიდერის ერთობა გვქონდეს და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ უნგრეთს შეუძლია თავისი სახელით ისაუბროს“, - განაცხადა კაია კალასმა.
შეხვედრის დაწყებამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ თქვა, რომ "ჩვენ აქ ვართ, რათა უკრაინას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მხარი დავუჭიროთ".
კოსტას განცხადებით, ევროპელმა ლიდერებმა „გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ და თავიანთი დაპირებები უნდა შეასრულონ“.
„ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან ერთად ახლაც და მომავალშიც, სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, როდესაც გადაწყვეტთ, რომ მოლაპარაკებებისთვის შესაფერისი მომენტია და რაც მთავარია, როგორც ევროკავშირის მომავალ წევრ ქვეყანასთან ერთად“, - განაცხადა კოსტამ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ახლა „გარდამტეხი მომენტია“.
„ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება. ეს ევროპისთვის გარდამტეხი მომენტია და უკრაინა, როგორც ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი, გარდატეხის წერტილია. ევროპა აშკარა საფრთხის წინაშე დგას და ამიტომ ევროპას საკუთარი თავის დაცვა უნდა შეეძლოს“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021