
ტუსკი: ევროპა მზადაა, შეიარაღდეს უფრო სწრაფად, ბრძნულად და ეფექტურად, ვიდრე რუსეთი
06/03/2025 14:22:30 ევროპა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროპა გადაწყვეტილი აქვს, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე. ის დარწმუნებულია, რომ ევროკავშირს ძალუძს, გაიმარჯვოს შეიარაღების რბოლაში, რომელსაც რუსეთი აწესებს.
“ბევრი დრო დავკარგეთ, როგორც ევროპამ, მაგრამ დღეს, ყველაფერი ნამდვილად შეიცვალა. ვსაუბრობ ევროკომისიის წინადადებაზე [თავდაცვაზე 800 მილიარდი ევროს მობილიზების შესახებ] და ყველა ჩემი თანამოსაუბრის ერთგულებაზე. მათ ეს დაადასტურეს პარიზსა და ლონდონში შეხვედრების დროს. ყველა მზად არის ეს გამოწვევა მიიღოს",- თქვა პოლონელმა პოლიტიკოსმა.
ტუსკი თვლის, რომ უკრაინის ომი, აშშ-ის ადმინისტრაციის ცვალებად მიდგომა ევროპის მიმართ და, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის მიერ გაჩაღებული შეიარაღების რბოლა, ახალ გამოწვევებს უქმნის ევროპას.
"ევროპამ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევას და უნდა გაიმარჯვოს. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი წააგებს შეიარაღების რბოლას. ისევე, როგორც საბჭოთა კავშირმა წააგო მსგავსი რბოლა ოცდაათი წლის წინ", - ხაზგასმით აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან აცილებას.
„ევროპა დღეს მზად არის, აიღოს სტარტი უსაფრთხოების თვალსაზრისით, მზად არის შეიარაღდეს უფრო სწრაფად, ბრძნულად და უფრო ეფექტურად, ვიდრე რუსეთი“, - აღნიშნა ტუსკმა.
"დღეს არ არსებობს მიზეზი, ვიყოთ ზედმეტად ოპტიმისტურად განწყობილი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის გარდამტეხი მომენტი, როდესაც ევროპამ გააცნობიერა, რა პასუხისმგებლობა ეკისრება მას", - დასძინა მან.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021