Accentnews.ge
ზელენსკი: მდგრადი მშვიდობა შესაძლებელია უკრაინის, მთელი ევროპის და აშშ-ის თანამშრომლობით

ზელენსკი: მდგრადი მშვიდობა შესაძლებელია უკრაინის, მთელი ევროპის და აშშ-ის თანამშრომლობით

06/03/2025 17:39:17 მსოფლიო

რეალური და მდგრადი მშვიდობა შესაძლებელია უკრაინის, მთელი ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობით,- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ და აღნიშნავს იმასაც, რომ ემანუელ მაკრონი იზიარებს ამ ხედვს.

ის ხაზს უსვამს, რომ "ომი უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მალე".

"დღეს ბრიუსელში, ევროპის საბჭოს შეხვედრის ფარგლებში, შევხვდი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. მადლობა გადავუხადე ემანუელს უკრაინის მხარდამჭერი მკაფიო და პრინციპული პოზიციისთვის, ასევე ახალი, უფრო მასშტაბური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობის აღიარებისთვის, რათა დავიცვათ ჩვენი მთელი ევროპა – ჩვენი ხალხები, ჩვენი ინსტიტუტები და ჩვენი ევროპული ცხოვრების გზა.

ჩვენ განვიხილეთ 11 მარტს დაგეგმილი შეხვედრა იმ ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების დონეზე, რომლებიც მზად არიან, კიდევ უფრო დიდი ძალისხმევა გაიღონ საიმედო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ომის დასრულებისთვის. შევათანხმეთ ჩვენი პოზიციები და მომდევნო ნაბიჯები.

ჩვენ გვაკავშირებს აბსოლუტურად ნათელი და საერთო ხედვა, რომ რეალური და მდგრადი მშვიდობა შესაძლებელია უკრაინის, მთელი ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობით. ომი უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მალე",- წერს სოციალურ ქსელში ზელენსკი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ოთხშაბათს საღამოს სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხე არ ქრება და ის მთელს ევროპას ეხება საფრანგეთის ჩათვლით.

ის მიესალმება ყველა სამშვიდობო ინიციატივას, მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობა ვერ დამყარდება უკრაინის ხარჯზე და რომ არ შეიძლება რუსეთს მიეცეს პირობების კარნახის უფლება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი “შეიარაღებას აგრძელებს” და 2030 წლისთვის “ის გეგმავს საკუთარი არმიის კიდევ უფრო გაზრდას, 300,000 დამატებითი ჯარისკაცის, 3,000 ტანკის, 300 საბრძოლო თვითმფრინავის ყოლას”.

“ამ კონტექსტში, ვის შეუძლია დაიჯეროს, რომ დღევანდელი რუსეთი უკრაინაზე გაჩერდება? ახლა, როდესაც გესაუბრებით, და მომავალი წლებისთვის რუსეთი გახდა საფრთხე საფრანგეთისთვისა და ევროპისთვის…

მშვიდობა არ შეიძლება მიღწეულ იქნას ნებისმიერ ფასად და რუსული დიქტატის ქვეშ. მშვიდობა არ შეიძლება იყოს უკრაინის კაპიტულაცია, არ შეიძლება იყოს მისი ჩამოშლა. და არ შეიძლება შედგეს ცეცხლის შეწყვეტაში, რომელიც ზედმეტად მყიფე იქნება…

არ შეგვიძლია დავივიწყოთ, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა 2014 წელს დაიწყო და მაშინ ცეცხლის შეწყვეტაზე მინსკში მოვილაპარაკეთ. და, ამავდროულად, რუსეთმა პატივი არ სცა ამ ცეცხლის შეწყვეტას და ვერ შევძელით ბალანსის შენარჩუნება მყარი გარანტიების ნაკლებობის გამო…

დღეს აღარ შეგვიძლია რუსეთის სიტყვის ნდობა. უკრაინას აქვს საკუთარი თავისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების უფლება, და ეს ჩვენს ინტერესებშია და ევროპული კონტინენტის უსაფრთხოების ინტერესებშია. ამ მხრივ ვმუშაობთ ჩვენს ბრიტანელ, გერმანელ და რამდენიმე სხვა ევროპელ მეგობრებთან,” - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, ის ევროპელ მოკავშირეებთან ერთად განიხილავს რუსეთის მხრიდან საფრთხისგან თავის დასაცავად მათ მიერ საფრანგეთის ბირთვული შემაკავებელი პოტენციალის გამოყენების იდეას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S