გაგლოევი ინფარქტის ნიშნებით ჰოსპიტალიზებულია

06-03-2025 22:29:32 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი ინფარქტის ნიშნებით კლინიკაში მოათავსეს, - იუწყება ადგილობრივი მედია.

ტელეგრამ-არხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ გაგლოევი სასწრაფოდ გადაიყვანეს ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში და მოათავსეს სამთავრობო კლინიკაში, სადაც იგი უკვე მოინახულა რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ.

თავად გაგლოევის პრეს-მდივანმა თავდაპირველად გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ დე-ფაქტო ლიდერი ვლადიკავკაზში იმყოფებოდა სამედიცინო კვლევისათვის. მიზეზები განცხადებაში დაკონკრეტებული არ იყო.

მოგვიანებით პრეს-მდივანმა გაავრცელა მეორე განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გაგლოევს ჰიპერტონიული კრიზი დაუდგინდა, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია და დე-ფაქტო ლიდერი ვლადიკავკაზის კლინიკის კარდიოლოგიურ განყოფილებაში რჩება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები