Accentnews.ge
ტრამპმა კანადისა და მექსიკისთვის საბაჟო ტარიფების ამოქმედება ერთი თვით კვლავ შეაჩერა

ტრამპმა კანადისა და მექსიკისთვის საბაჟო ტარიფების ამოქმედება ერთი თვით კვლავ შეაჩერა

07/03/2025 06:41:06 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე 25%-იანი საბაჟო ტარიფების ამოქმედება ერთი თვით კვლავ შეაჩერა.

ტრამპმა ამ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეცვლა უკვე მეორედ 4 მარტს გადაწყვიტა, თუმცა ორ დღეში გამოაცხადა, რომ საბაჟო გადასახადების ამოქმედება 2 აპრილამდე გადადო. კერძოდ, როგორც მან 6 მარტს თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, "გადავადების გადაწყვეტილება მიიღო მექსიკის პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმთან საუბრის შემდეგ". თავად შეინბაუმმა განაცხადა, რომ ერთად იბრძოლებენ მექსიკიდან აშშ-ში ნარკოტიკების და აშშ-დან მექსიკაში იარაღის კონტრაბანდის წინააღმდეგ.

მოგვიანებით, 6 მარტს ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა როგორც მექსიკის, ისე კანადისთვის საბაჟო ტარიფების დაწესების აპრილამდე გადავადების დოკუმენტს.

ცნობისთვის: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირველად თებერვლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ კანადას და მექსიკას საბაჟო ტარიფებს დაუწესებდა, რადგან, მისი თქმით, "ეს ქვეყნები ეფექტიანად არ ებრძვიან ნარკოტიკების კონტრაბანდას და საზღვრებს კარგად არ იცავენ". 3 თებერვალს კანადის და მექსიკის ლიდერებთან სატელეფონო საუბრების შემდეგ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისინი ზომების მიღებას დაჰპირდნენ, ამიტომ ტარიფების ამოქმედება 4 მარტამდე შეაჩერა. ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კანადა და მექსიკა პირობის შესასრულებლად ეფექტიან ზომებს არ მიმართავენ, ამიტომ 4 მარტიდან ტარიფები ამოქმედდებოდა. მათ შორის 25%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესდა კანადიდან და მექსიკიდან ავტომობილების იმპორტს, თუმცა, მეორე დღეს, 5 მარტს თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ავტომანქანები ახალი ტარიფისგან ერთი თვით გათავისუფლდნენ.

მოგვიანებით, კანადამ და მექსიკამ განაცხადეს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებას თავადაც ტარიფებით უპასუხებდნენ. კერძოდ, 4 მარტს საბაჟო ტარიფების ამოქმედების შემდეგ, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ "ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უახლოესი პარტნიორის, მოკავშირისა და მეგობრის, კანადის წინააღმდეგ სავაჭრო ომი დაიწყო მაშინ, როცა რუსეთთან პოზიტიური თანამშრომლობის საჭიროებაზე ლაპარაკობს". "კანადა აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უჩივლებს", – განაცხადა მან. ჯასტინ ტრუდომ ისიც განაცხადა, რომ "დონალდ ტრამპი ცდილობს კანადის ეკონომიკის კრახი გამოიწვიოს, რათა უფრო იოლად შეძლოს მისი ანექსირება, რაც არასდროს მოხდება და კანადა არასდროს გახდება 51-ე შტატი".

პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ კანადა აშშ-ის შემადგენლობაში უნდა იყოს და პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო არაერთხელ მოუხსენებია „გუბერნატორად“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S