
მედია: უკრაინის სარდლობა კურსკის ოლქიდან ჯარების გაყვანას ამ ეტაპზე არ გეგმავს
08/03/2025 14:24:45 მსოფლიო
კურსკის ოლქიდან უკრაინის სარდლობას, ამ ეტაპზე, ჯარების გაყვანის გეგმები არ აქვს - იტყობინება RBC-Ukraine საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, მიმდინარეობს სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ზომების მიღება და საპასუხო ქმედებების დაგეგმვა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსული მხარის გეგმა სუჯა-სუმის გზის გადაჭრას ითვალისწინებს, რაც უკრაინული ძალების ალყაში მოქცევას განაპირობებს. ამჟამად, უკრაინელების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიგანე კურსკის რეგიონში 11 კილომეტრამდე შემცირდა. თავდაცვა და საბრძოლო მოქმედებები გართულებულია ტყიანი რელიეფისა და ოპტიკურ ბოჭკოზე დაფუძნებული დრონების ფართო გამოყენების გამო. თუმცა, წყაროების თქმით, სიტუაცია ჯერ კატასტროფული არ არის და უკრაინული ძალების ალყაში მოქცევა ამ ეტაპზე არ განხორციელებულა.
უკრიანელებისთვის კურსკის ოლქში მდგომარეობა გაუარესდა მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა სუჯას ჩრდილო-დასავლეთით, სვერდლივკას მიმდებარედ, უკრაინის საზღვრისკენ წინსვლა დაიწყეს.