Accentnews.ge
"ანაკლიის პორტის მესვეურებმა, იმის მაგივრად, რომ ემოციური რაღაც ბრალდებები წაუყენონ სახელმწიფოს, ბევრ რაღაცას ყურადღება უნდა მიაქციონ"

"ანაკლიის პორტის მესვეურებმა, იმის მაგივრად, რომ ემოციური რაღაც ბრალდებები წაუყენონ სახელმწიფოს, ბევრ რაღაცას ყურადღება უნდა მიაქციონ"

02/06/2019 19:55:18 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

„ანაკლიის პროექტი ქვეყნის უსაფრთხოების განზომილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია - ქვეყნის მომავლის პროექტია" - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 

„არავის არავისთვის სამშენებლო ნებართვა არ გაუცია. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ  მიწათსარგებლობის  პირობები, თუმცა ისიც უმოკლეს ვადაში იყო შეჩერებული და გაუქმებული ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, რითაც სახელმწიფომ და მთავრობამ მისი პოზიცია კონკრეტულ პროექტთან მიმართებაში გამოხატა. ჩვენ, ზოგ შემთხვევაში, შეცდომის აღიარებას სისუსტედ ვთვლით, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ეს სწორი შეფასება არ არის. სახელმწიფომ იმ გადადგმული ნაბიჯებით და იმ შეჩერებული ბრძანებით, გამოხატა და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია და თქვა, რომ პროცედურულად იყო გარკვეული შეცდომა დაშვებული. თუმცა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ამ პროცედურული შეცდომის მიღმა გარკვეული სხვა სუბიექტური მოტივებიც შეიძლება ყოფილიყო, თუმცა ეს უნდა იყოს  მოკვლევის საგანი - ჯერ უწყებრივი, რომელიც მე როგორც ვიცი, ეკონომიკის სამინისტროში დაწყებულია და ვნახოთ რას გამოავლენს ეს. რაც შეეხება ანაკლიას. ანაკლიასთან მიმართებაში სახელმწიფომ არაერთხელ დააფიქსირა თავისი მკაფიო პოზიცია და მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ ყველა მხარემ თავისი ვალდებულება უნდა შეასრულოს. ამ რაღაც ემოციური ნაბიჯების თუ შეფასებების მაგივრად, ჯობია, რომ ყველა დაჯდეს და თავის საქმეს მიხედოს. ეს არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება. მე რამდენჯერმე ვთქვი და დღეს უკვე უსაფრთხოების საბჭოს მდივნის სტატუსით შემიძლია ერთი რამ გითხრათ: თქვენ იცით, რომ ეს პროექტი ფაქტობრივად დაიწყო მაშინ, როდესაც მე ეკონომიკის მინისტრი ვიყავი, ძალიან კარგად ვიცი დეტალურად სახელმწიფომ რამდენი შეღავათი და ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ პროექტს დახმარებოდა. რას აკეთებს დღეს სახელმწიფო და როგორ აგრძელებს პროექტის დახმარებას. მკაფიოდ შემიძლია გითხრათ, რომ ანაკლიის პორტი, როგორც პროექტი არის ამ ქვეყნის უსაფრთხოების განზომილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ანაკლიის პორტი არის ქვეყნის მომავლის პროექტი. ეს არის პროექტი, რომელიც უსაფრთხოების განზომილებაში ჩვენ გვჭირდება და ეს არის პროექტი, რომელიც ეკონომიკურად შეიძლება იყოს უფრო მოგვიანებით მოთხოვნადი პროექტი. ეს არის პოზიცია, რომელსაც ჩვენ თანმიმდევრულად ვიცავთ. თუნდაც, ჩვენ რომ შევხედოთ მაგალითად, რამდენჯერ იყო პორტის ძირითადი საინვესტიციო ხელშეკრულების უმნიშვნელოვანესი მუხლები გადავადებული, ან შეცვლილი. ეს ხომ მთავრობის ნების პირდაპირი გამოხატულებაა. დღეს, მთავრობა აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებს პოზიციას, მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან შესულია მოლაპარაკებებში, ახლა ელოდება უკვე წინადადებებს მათი მხრიდან და ფაქტობრივად იმ ძირითადი მოთხოვნებიდან უმრავლესობა დაკმაყოფილებულია. მხოლოდ და მხოლოდ მთავრობა ამბობს, რომ კომერციული რისკების დაზღვევის კომპონენტში, ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვის ნიშნები, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ ერთმნიშვნელოვნად ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, როგორც პროექტს აქვს სრული მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. არის გარკვეული პრობლემები, სირთულეები, რომლებსაც როგორც ჩანს კერძო ინვესტორები აწყდებიან. მათ ამ სირთულეების გადალახვაშიც სახელმწიფო ყველანაირად ეხმარება. ეს ბოლო შემთხვევაც, არცთუ ისე მარტივი გადადგმული ნაბიჯი - ეკონომიკის მინისტრის მიერ გაუქმებული მისი საქვეუწყებო დაწესებულების მიერ გამოცემული ბრძანება. ეს კიდევ ერთი დასტურია რა დონის მხარდაჭერა აქვს ანაკლიის პროექტს. სხვათა შორის ანაკლიის პორტის მესვეურებმა, იმის მაგივრად, რომ ემოციური რაღაც ბრალდებები წაუყენოს სახელმწიფოს, ბევრ რაღაცას ყურადღება უნდა მიაქციონ და სწორი შეფასება უნდა გაუკეთონ იმ ნაბიჯებს, რომელსაც დგამს სახელმწიფო და მთავრობა. ფოთის პორტი მსგავს ნებართვას უკვე წლებია ითხოვს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ გაცემულა არანაირი ნებართვა. როდესაც გამოდიხარ და ამბობ, რომ ფოთის პორტს მისცეს მშენებლობის ნებართვა, ეს სიმართლე არ არის. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მიწათსარგებლობის პირობები. პორტის მშენებლობის ნებართვას შემდგომ იმდენი პროცესები სჭირდება, ამას შეიძლება დასჭირდეს წლები. ეს პირველი ეტაპიც არ არის.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის: 28 მაისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გარდა, კიდევ ერთი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ნებართვა გაიცა. კერძოდ, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, 2 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა გასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ განცხადება გაავრცელა:

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, რადგან აღნიშნული ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC თან) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა. 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება“.

როგორც 29 მაისს გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის წინასწარი ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია.  მისივე თქმით, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც ნებართვა გასცა. 

„პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას; ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი სარგებლობის დოკუმენტი, რომელიც გაიცა ჩვენი ერთ-ერთი სააგენტოს, კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არცერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც პირადად - ჩემთან“, – დასძინა თურნავამ. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S