
მედია: Maxar Technologies-მა უკრაინას სატელიტურ გამოსახულებებზე წვდომა აღუდგინა
12/03/2025 10:28:59 მსოფლიო
უკრაინული გამოცემა "მილიტარიი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკულმა აეროკოსმოსის კომპანიამ, Maxar Technologies-მა უკრაინას გაძლიერებული გლობალური გეოგრაფიული დაზვერვის გაზიარების (GEGD) პროდუქტის ფარგლებში სატელიტურ გამოსახულებებზე წვდომა აღუდგინა. ამის შესახებ გამოცემა პროდუქტის დაუსახელებელ მომხმარებლებზე დაყრდნობით წერს.
მანამდე, აშშ-მ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა, მათ შორის, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, რომელიც უკრაინელებს რუსეთზე შორი რადიუსის იერიშების მიტანაში ეხმარებოდა.
გამოცემის წყაროების თქმით, მათ მიიღეს შეტყობინება, რომ მომსახურება "ადმინისტრაციული მოთხოვნის საფუძველზე შეუჩერდათ". გამოცემის თანახმად, Maxar-მა მომსახურება თეთრი სახლის გადაწყვეტილების გამო შეაჩერა.
ცნობისთვის, Maxar Technologies უკრაინელი მომხმარებლებისთვის სატელიტური გამოსახულებების მთავარი კომერციული მიმწოდებელია, რასაც უკრაინული მხარე, მათ შორის, რუსი ჯარისკაცების გადაადგილებაზე ინფორმაციის მოპოვებისთვისა და მტრის სამიზნეებზე იერიშის შედეგების დასადასტურებლად იყენებს.