თეატრალურის სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტას და დაჯარიმებს SJC გაასაჩივრებს

12-03-2025 15:18:13

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სოლიდარობას უცხადებს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით სტუდენტის სტატუსის შეუწყდათ და აცხადებს, რომ სტუდენტების ინტერესების დასაცავად გამოიყენებს ყველა სამართლებრივი დაცვის საშუალებას.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება არის უსამართლო, თვითნებური და მიზნად ისახავს პროტესტში ჩართული სტუდენტების დევნასა და პროტესტის დასუსტებას. ამასთან, SJC-ის შეფასებით, ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, და ის უნდა გაუქმდეს:

„ოქმის თანახმად, სტუდენტების მიერ მათ შორის, დაირღვა 2025 წლის 28 თებერვალს ამოქმედებული სტუდენტთა ეთიკის კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ისეთი ქმედებები, რომლებიც იქამდე მოქმედი კოდექსით დარღვევას არ წარმოადგენდა და თავისი არსით სტუდენტების გამოხატვის თავისუფლების და შეკრების უფლების განუყოფელი ნაწილია“.

ორგანიზაციის განცხადებით, სტუდენტებს პასუხისმგებლობა დაეკისრათ ეთიკის კოდექსის საფუძველზე, რომელიც მათთვის არ გაუცნიათ. SJC-ს განმარტებით, 7 მარტს გამართულ ეთიკის კომისიის სხდომაზე სტუდენტების პასუხისმგებლობის საკითხი განიხილეს და მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მხარი დაუჭირეს 7 დღით ადრე, 28 თებერვალს მიღებული ეთიკის კოდექსის საფუძველზე, რომლის არსებობის და შინაარსის შესახებ სტუდენტები ინფორმირებული არ ყოფილან:

„სტუდენტების ეთიკის ახლად ამოქმედებული კოდექსი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ეთიკის კომისიის დებულებასთან ერთად მხოლოდ დღეს, 12 მარტს გამოქვეყნდა. […] ძველი კოდექსისგან განსხვავებით წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული ეთიკის ახალი კოდექსი მხოლოდ სტუდენტებზე ვრცელდება და მათი უფლებების შეზღუდვას ისახავს მიზნად. ეთიკის ახალი კოდექსით, კომისიას სტუდენტების პასუხისმგებლობის დაკისრების უფრო ფართო საფუძვლები და საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება მიენიჭა. რექტორატის მხრიდან სტუდენტების პასუხისმგებლობის დადგენის უფლებამოსილების ფაკულტეტიდან ეთიკის კომისიისთვის გადაცემა კი, ერთი შეხედვით, პროცესის ცენტრალიზებისა და ადმინისტრაციის მხრიდან კონტროლის გაძლიერების ინტერესს აჩვენებს“.

გარდა ამისა, ორგანიზაციის შეფასებით, პრობლემაა, რომ სტუდენტებს მათი სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავის დაცვის და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა არ მისცემიათ.

„მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტების მიმართ ეთიკის კომისიამ პასუხისმგებლობის უმკაცრესი ფორმა, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა გამოიყენა, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არ შეუტყობინებიათ მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ, სტუდენტებს არ მისცემიათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ საკითხის განხილვას, წარედგინათ საკუთარი მოსაზრებები და დაეცვათ თავი“, – აცხადებს SJC.

ორგანიზაცია ამბობს, რომ 6 მარტს სტუდენტებმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან მიიღეს ელექტრონული შეტყობინება, რომ ეთიკის კომისია იწყებს რამდენიმე, მათ შორის 1 მარტს ჩასატარებელი სადეზინფექციო სამუშაოების შეფერხებასთან დაკავშირებულ საკითხის განხილვას – აღნიშნულ ელექტრონულ შეტყობინებას არ ჰქონია ინდივიდუალიზებული ფორმა, შესაბამისად, სტუდენტებისთვის არ იყო აღქმადი, რომ უშუალოდ მათ შეეხებოდათ თუ არა აღნიშნული საკითხის განხილვა.

SJC-ს შეფასებით, სტუდენტების მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა დაუსაბუთებელი და არათანაზომიერია.

ორგანიზაცია ამბობს, რომ ვიდრე უნივერსიტეტის რექტორი ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას არ გააუქმებს და ახალ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, სტუდენტებს სტატუსი შეწყვეტილი აქვთ, შესაბამისად, ამ დროისთვის, სტუდენტები არ სარგებლობენ სტუდენტის სტატუსით და ისინი ვერ მიიღებენ სასწავლო პროცესში მონაწილეობას და ვერ ისარგებლებენ განათლების უფლებით.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და მის რექტორს, გიორგი შალუტაშვილს:

„აღუდგინოს სტუდენტებს სტატუსი და არ შეუზღუდოს მათ სასწავლო პროცესში მონაწილეობისა და განათლების მიღების უფლება;უზრუნველყონ სტუდენტების მიერ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობა, მათ შორის, უნივერსიტეტის ჭერქვეშ“.„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, იცავენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ინტერესებს და მათთვის სტატუსის შეწყვეტის და დაჯარიმებების გადაწყვეტილებებს შესაბამის ორგანოებში გაასაჩივრებენ.

სტატუსის შეწყვეტამდე ერთი დღით ადრე, 9 მარტს პოლიცია თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში შევიდა და სტუდენტებს 5000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები