
რუსეთის 5 სამრეწველო ობიექტზე მიიტანეს დრონებით იერიში
13/03/2025 11:43:15 მსოფლიო
13 მარტს უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა რუსეთის 5 სამრეწველო ობიექტზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში.
თავდასხმა მოხდა სარატოვის, ტამბოვის, კალუჟის, როსტოვისა და ვორონეჟის ოლქებში მდებარე საწარმოებზე.
ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ეჯახება დრონი სარატოვის ოლქში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანას.
3 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად ტამბოვის ოლქში, დაზიანებულია ერთ-ერთი საწარმოს ინფრასტრუქტურა. ინფორმაციას ოლქის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი ევგენი პერვიშოვი ავრცელებს.
კალუჟის ოლქში, დრონების იერიშის შედეგად, ძერჟინსკის რაიონში მდებარე სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ოლქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საწარმოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს როსტოვისა და ვორონეჟის ოლქების ადმინისტრაცია. იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. ადმინისტრაცია თავს იკავებს ობიექტების დასახელებისგან. ბოლო მონაცემებით არავინ დაშავებულა.
გარდა ამისა, უკრაინული იერიშის ფონზე, კალუგის, ვოლგოგრადისა და სარატოვის აეროპორტებმა დროებით მუშაობა შეწყვიტეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 13 მარტს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 77 უკრაინული დრონი გაანადგურეს.