13-03-2025 16:54:59 მსოფლიო
პოლონეთს სჭირდება ძლიერი შემაკავებელი საშუალება პოტენციური რუსული აგრესიისგან და ეს უნდა იყოს ბირთვული იარაღი, ამბობს ქვეყნის პრეზიდენტი ანჯეი დუდა. მან მოუწოდა დონალდ ტრამპს, განათავსოს ბირთვული ქობინი პოლონეთში, მით უმეტეს, რომ რუსეთმა ის ბელარუსს ყოველგვარი უხერხულობის გარეშე გაუზიარა.
პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია, ბირთვული ქობინი დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ან შეერთებული შტატებიდან პოლონეთში გადაიტანოს, განუცხადა დუდამ Financial Times-ს. მან თქვა, რომ ცოტა ხნის წინ ეს წინადადება განიხილა კეიტ კელოგთან, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან უკრაინაში.
„ნატოს საზღვრები აღმოსავლეთით 1999 წელს გაფართოვდა, ამიტომ 26 წლის შემდეგ ნატოს ინფრასტრუქტურამაც აღმოსავლეთისკენ უნდა გადაინაცვლოს. - ჩემთვის ეს მკაფიოა", - თქვა დუდამ.
უკრაინაში შეჭრამდე ვლადიმირ პუტინმა მოითხოვა ნატოს 1997 წლის საზღვრების დაბრუნება. მას შემდეგ მან და მისმა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არ შეწყვეტენ ომს, სანამ არ აღმოიფხვრება კონფლიქტის "ძირეული მიზეზები", მათ შორის ისინი ასახელებენ საფრთხეს, რომელსაც თითქოს ნატო უქმნის რუსეთს. დუდამ გაიხსენა კიდევ ერთი განცხადება, რომელიც პუტინმა 2023 წელს გააკეთა - რომ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ბელარუსში გადაიტანდა. „რუსეთმა არც კი დააყოვნა, როცა თავისი ბირთვული იარაღი ბელარუსს გადასცა. მათ არავისთვის უთხოვიათ ნებართვა”, - თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა.
პოლონეთზე "ბირთვული ქოლგის" გავრცელების აუცილებლობაზე ცოტა ხნის წინ ისაუბრა მისმა პრემიერ - მინისტრმა დონალდ ტუსკმაც.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პოლონეთი უნდა ისწრაფვოდეს ბირთვული და თანამედროვე არაკონვენციურ იარაღთან დაკავშირებული ყველაზე თანამედროვე შესაძლებლობებისკენ“, - თქვა ტუსკმა და აღნიშნა, რომ ვარშავა აწარმოებს „სერიოზულ მოლაპარაკებებს“ ემანუელ მაკრონის წინადადებაზე, გამოიყენოს ფრანგული ბირთვული იარაღი ევროპელი მოკავშირეების დასაცავად.
დუდამ ბაიდენის ადმინისტრაციას 2022 წელს შესთავაზა პოლონეთში ბირთვული იარაღის განლაგების პროექტი, მაგრამ მხარდაჭერა არ მიუღია. ტრამპმა თავად უნდა გადაწყვიტოს, სად განათავსოს ამერიკული ბირთვული იარაღი, განუცხადა დუდამ FT-ს და დასძინა:
"ვფიქრობ, საქმე არა მხოლოდ იმაშია, რომ დრო დადგა, არამედ იმაშიც, რომ ბევრად უფრო უსაფრთხო იქნებოდა, იარაღი უკვე აქ ყოფილიყო".