კორონავირუსთან ბრძოლა, როგორც "კრიზის-კომუნიკაციის" ურთულესი ტესტი

28-02-2020 18:42:35 კომენტარი

კორონავირუსთან ბრძოლა საქართველოში თამამად შეიძლება, ჩაითვალოს "კრიზისის კომუნიკაციის" (CRISIS COMMUNICATION) ბოლო წლების ყველაზე რთულ ტესტად, სახელმწიფოს სტრატეგიული კომუნიკაციისთვის. მხოლოდ 27 თებერვლის სრული დღის ანალიზის შედეგად, რომელიც ეროვნული ტელევიზიების, ონლაინ-გამოცემების ნაწილისა და სოციალური ქსელების მონიტორინგს მოიცავს, შეგვიძლია. დავასკვნათ, რომ:

ხელისუფლების მთავარი გამოწვევა არის შესაძლო პანიკა საზოგადოებაში, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება, გადაიზარდოს უმართავ პროცესებში. პანიკის რისკების შემცირებისთვის ის:

  • მიუხედავად ყველაფრისა, არ გაურბის კომუნიკაციას მედიასთან;
  • მიუხედავად ტექნიკური თუ ორგანიზაციული ხასიათის ხარვეზებისა, ცდილობს, იყოს გამჭვირვალე ზოგადად საზოგადოებასთან ურთიერთობისას;
  • იდენტიფიცირებული ჰყავს კომუნიკატორები, რომლებიც ცდილობენ, აუდიტორიას გზავნილები დამარწმუნებელი ფორმით მიაწოდონ - "საბაჟო", "საპატრულო", "თბილისის ინფექციურის", ასევე, სხვა, პროცესში ირიბად მონაწილე, არაცენტრალური სტრუქტურული ერთეულების კომუნიკაციაში ჩართვა იყო სწორი გადაწყვეტილება კოორდინირებული მოქმედებების დემონსტრირებისთვის;

მთელ რიგ შემთხვევებში მიმართავს კომუნიკაციის პროაქტიურ ფორმებს. ცდილობს სოციალური ქსელების შესაძლებლობების ეფექტიან გამოყენებას;

თუმცა მხოლოდ გუშინდელ დღეზე დაკვირვებითაც გამოიკვეთა ის გამოწვევები, რომლებიც მაღალი ალბათობით, სწორედაც რომ კომუნიკაციის ეფექტიანი გამოყენებით უნდა გადაიჭრას. ესენია:

  • სტრატეგიული დონის გზავნილების ეფექტური "დაყვანა" მართვის ვერტიკალის უკიდურეს ქვედა ნიშნულამდე; მნიშვნელოვანია, რომ გზავნილი, რომელსაც ამბობს პრემიერი მთავრობის სხდომაზე, დროის შემჭიდროებულ ვადებში ისმოდეს და მეორდებოდეს აბასთუმანშიც;
  • საზოგადოებაში კონსოლიდაციისა და სოლიდარობის განცდის გაჩენა-გაძლიერება. ჯერ კვლავ ვერ ხერხდება ვერცერთი "გამაერთიანებელი" ფაქტის პრომოუტინგი, რომელიც გამოყენებული იქნებოდა გამოწვევის წინაშე მდგომი საზოგადოების გაერთიანების მაგალითად. საპირისპირო "ხატებმა" (IMAGES) კი წალეკა სოციალური ქსელი;
  • გაერთიანების, კონსოლიდაციის, სოლიდარობის განსხვავებული ხარისხი არ უნდა იკვეთებოდეს მთლიანი სამედიცინო სისტემის "ცენტრსა" და "პერიფერიების" წარმომადგენლებს შორის. მნიშვნელოვანია პროცესში ჩართული ნებისმიერი იერარქიის მოტივირება/წახალისება და მხარდაჭერა. საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვები ექიმებისადმი არ ყოფილა მხოლოდ ადამიანური ემპათიის რიგითი გამოვლინება;
  • იქმნება შთაბეჭდილება, რომ "ბრალდებებსა" თუ "ხარვეზებზე" ვერ ხერხდება დროული ან/და შესაბამისი რეაგირება. მნიშვნელოვანია, რომ "მთავარის" ბრალდებას "მთავარზე" ვუპასუხოთ და არა მარტო "ტვ-იმედის" ან/და "რუსთავი-2"-ის ეთერით;
  • საქართველოში ნებისმიერი კრიზისის კომუნიკაციის დროს გამოწვევად რჩება მოსახლეობის ლამის უკვე ბუნებრივი უნდობლობა ზოგადად ხელისუფლებების და მათ შორის, გამოცალკევებულად ჯანდაცვის სისტემის მიმართაც;

რეკომენდაციების სახით:

კომუნიკაციაზე პასუხისმგებელმა ჯგუფმა თავად უნდა იგრძნოს მომენტი და თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს რეკომენდაცია, როდის უნდა "დაამუხრუჭოს", რათა თავად კრიზისზე ეფექტიანი პასუხი არ გახდეს უფრო მეტი პანიკის საფუძველი;

თუმცა ეს "მუხრუჭი" არ უნდა გავიგოთ, როგორც პრობლემის მიჩქმალვის, გაშარჟების, "დაცენზურების" აქტი. არ იქნებოდა ურიგო, თუ ხელისუფლება ეროვნული მედიის ხელმძღვანელებთან, წამყვანებთან, ჟურნალისტებთან საინფორმაციო შეხვედრებს უზრუნველყოფდა. მაგალითად, თემაზე: შესაძლებელია თუ არა "ვირუსის ამბებმა" სატელევიზო ბადეში პირველიდან მეხუთე თემად ჩამოიწიოს;

არ არის გამორიცხული, საჭირო გახდეს მედია-ცენტრის შექმნა, რომელიც ერთის მხრივ, იქნებოდა ვირუსის გავრცელების პრევენცია და ასევე გზავნილის კონტროლის მექანიზმი.

რამდენად მტკივნეულიც და უხერხულიც არ უნდა იყოს, მნიშვნელოვანია "კომუნიკატორების" დიდი სკურპულოზურობით შერჩევა. ამდენად, რა თანამდებობასაც არ უნდა იკავებდეს კომუნიკატორი, თუ ის სტრატეგიული საკომუნიკაციო მიზნის მიღწევაში - პანიკის შემცირებაში ხელს არ გვიწყობს, უნდა ჩანაცვლდეს;

როგორც არ უნდა სცოდავდნენ ჟურნალისტები ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობისას, ჯიბეებში ხელჩაწყობილი პოლიციელის ჟურნალისტთან "ბლატაობა" ანგრევს ამ ნალოლიავებ კრიზისის კომუნიკაციას და საზოგადოებასთან "ნდობის შენების" პროცესს;

გიორგი მოლოდინი

სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველო,

ხელმძღვანელი

ახალი ამბები