საკონსტიტუციომ LSD-ს ერთი დოზის შეძენა-შენახვისთვის პატიმრობა არაკონსტიტუციურად ცნო

14-03-2025 11:17:24 საზოგადოება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არაკონსტიტუციურად ცნო ერთი ადამიანისთვის საკმარისი ოდენობის ლიზერგიდის (LSD) შეძენა/შენახვის გამო პატიმრობის მისჯა.

გადაწყვეტილება საქართველოს სახელით ოთხმა მოსამართლემ – ვასილ როინიშვილმა (სხდომის თავმჯდომარე), ევა გოცირიძემ (წევრი), გიორგი თევდორაშვილმა (წევრი, მომხსენებელი მოსამართლე) და გიორგი კვერენჩხილაძემ (წევრი) – მიიღო. მათ არაკონსტიტუციურად ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმა, რომლის მიხედვითაც 2021 წლის 10 მარტამდე ლიზერგიდის (LSD) მცირე ოდენობით ფლობისთვის პატიმრობა იყო გათვალისწინებული.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან შეუსაბამოდ მიიჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2021 წლის 10 მარტამდე მოქმედი 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც 0,000172 გრამამდე LSD-ს პირადი მოხმარებისთვის შეძენა/შენახვის შემთხვევაშიც კი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

სარჩელით სასამართლოს საქართველოს ცხრა მოქალაქემ 2016 წლის 7 მარტს მიმართა, ხოლო საბოლოო განაჩენი 2025 წლის 6 მარტს გამოცხადდა.

მოსარჩელეები წარსულში ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობით ფლობისთვის გასამართლდნენ და მათ პატიმრობა მიესაჯათ. მათი არგუმენტი იყო, რომ ასეთი მცირე რაოდენობის ნარკოტიკების ფლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ უნდა ითვალისწინებდეს.

საქმის შესწავლა 9 წელი გაგრძელდა, კერძოდ, შეესაბამებოდა თუ არა კონკრეტული ნარკოტიკული ნივთიერების გარკვეული რაოდენობის ფლობისთვის პატიმრობის შეფარდება კონსტიტუციური. კერძოდ, განხილული ოდენობები იყო:

  • 0.000172 გრამი ლიზერგიდი (LSD)
  • 0.4 გრამი მორფინი
  • 3.48 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება AB-CHMINACA0.
  • 3483 გრამი მეთადონი
  • 0.2640 გრამი ჰეროინი
  • 0.0047 გრამი დეზომორფინი
  • 0.0149 გრამი ბუპრენორფინი

კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით სსკ-ს 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას დანარჩენი ტიპის ნარკოტიკული საშუალებების აღნიშნული ოდენობების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის.

საქმის არსებით განხილვაზე მოწვეულმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ აღნიშნული ნარკოტიკების, მათ შორის მორფინის, ჰეროინის, დეზომორფინის, მეტადონისა და ბუპრენორფინის სადავო ოდენობები ერთი მოხმარებისთვის საჭირო დოზას აღემატებოდა. ექსპერტთა შეფასებით, ეს პრეპარატები ოპიოიდების ჯგუფს ეკუთვნის და დამთრგუნველ გავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხოლოდ ერთჯერადად მოხმარებისთვის განკუთვნილი ნარკოტიკული ნივთიერების ფლობის გამო პატიმრობის დაკისრება არაკონსტიტუციურია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები