უკრაინის გენშტაბი: უკრაინელები ალყაში არ არიან

14-03-2025 22:34:00 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი „მცდარს“ და „რუსეთის მიერ შეთითხნილს“ უწოდებს ცნობას კურსკში უკრაინელების ალყაში მოქცევის შესახებ. მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „მტკიცედ სთხოვა“, რომ დაინდოს რუსეთის ჯარების მიერ „მთლიანად გარშემორტყმული“ უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლე.

„ცნობები კურსკის რეგიონში მტრის მიერ უკრაინული შენაერთების სავარაუდო „ალყის“ შესახებ მცდარია და რუსების მიერაა შეთითხნილი პოლიტიკური მანიპულაციის, ასევე, უკრაინასა და მის პარტნიორებზე ზეწოლის მიზნით“, - წერია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

„ვითარება ძირითადად უცვლელია გასული დღის შემდეგ. საბრძოლო მოქმედებები კურსკის ოპერატიული ზონაში გრძელდება“, - აცხადებს უწყება.

ამავე განცხადების მიხედვით, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები „წარმატებით გადაჯგუფდნენ“, „იქნენ გაყვანილნი უფრო ხელსაყრელ თავდაცვით პოზიციებზე და ასრულებენ დაკისრებულ ამოცანებს კურსკის რეგიონში“.

„ჩვენი ჯარისკაცები ეფექტურად იგერიებენ მტრის შეტევას და აყენებენ მნიშვნელოვან ზარალს ყველა არსებული იარაღის სისტემის გამოყენებით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

გენშტაბი აცხადებს, რომ დღეს „კურსკის მიმართულებით 13 საბრძოლო შეტაკება მოხდა“ და უკრაინული ქვედანაყოფების „ალყაში მოქცევის საფრთხე არ არსებობს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები