16-03-2025 15:03:49 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გენერალი კიტ კელოგი უკრაინაში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს.
აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, კელოგი უშუალოდ იმუშავებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ქვეყნის სხვა ლიდერებთან.
"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ გენერალი კიტ კელოგი დაინიშნა უკრაინაში სპეციალურ წარმომადგენლად. გენერალი კელოგი, უაღრესად პატივსაცემი სამხედრო ექსპერტი, უშუალოდ იმუშავებს პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინის ხელმძღვანელობასთან. ის მათ კარგად იცნობს და მათ ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობა აქვთ", - წერს ტრამპი.
აღსანიშნავია, რომ კელოგს მანამდე უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ეკავა. რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა NBC News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კელოგი სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გამოთიშეს, რადგან მოსკოვმა ეს დაჟინებით მოითხოვა იმ მიზეზით, რომ ყოფილი ამერიკელი გენერალი უკრაინასთან ზედმეტად დაახლოებული პირი იყო.