რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტი: რადიოსთვის დაფინანსების შეწყვეტა დიდი საჩუქარი იქნება ამერიკის მტრებისთვის

16-03-2025 15:20:46 მსოფლიო

რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების (RFE/RL) პრეზიდენტის, სტივენ კაპუსის თქმით, ამ ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტა იქნება „დიდი საჩუქარი ამერიკის მტრებისთვის“. სტივენ კაპუსის განცხადებას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

„ირანელი აიათოლები, ჩინელი კომუნისტი ლიდერები და ავტოკრატები მოსკოვსა და მინსკში იზეიმებდნენ რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების დაცემას 75 წელიწადის შემდეგ. ჩვენი მტრებისთვის გამარჯვების გადაცემა მათ გააძლიერებს და ამერიკას დაასუსტებს“, – ამბობს კაპუსი თავის განცხადებაში.

„რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების მდიდარი ისტორიის განმავლობაში ჩვენ ორპარტიული მხარდაჭერით ვსარგებლობდით. დახურულ საზოგადოებებში მცხოვრებ 50 მილიონამდე ადამიანს, ვინც ყოველკვირეულად გვეყრდნობა ზუსტი ამბებისა და ინფორმაციის მისაღებად, უჩვენოდ აღარ ექნება წვდომა სიმართლეზე ამერიკისა და მსოფლიოს შესახებ“, – აღნიშნავს სტივენ კაპუსი.

მანამდე, 15 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს შვიდი ფედერალური სააგენტოს შემცირებას. მათ შორისაა აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (USAGM), რომელიც ზედამხედველობას უწევს რადიო თავისუფალ ევროპას/რადიო თავისუფლებას (RFE/RL) და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.

აღმასრულებელი ბრძანების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში მედიით გავრცელდა USAGM-ის წერილი, რომ გაუქმდა კონგრესის მიერ დამტკიცებული გრანტი, რომლითაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება ფინანსდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები