Accentnews.ge
ისრაელი ღაზას სექტორში "ჰამასის" წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების განახლების შესახებ იუწყება

ისრაელი ღაზას სექტორში "ჰამასის" წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების განახლების შესახებ იუწყება

18/03/2025 05:12:33 მსოფლიო

ისრაელი ღაზას სექტორში "ჰამასის" წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების განახლების შესახებ იუწყება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, რაც "ჰამასმა" არაერთხელ თქვა უარი მძევლების გათავისუფლებაზე და უარყო აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის და შუამავლების წინადადებები.

ისრაელის თავდაცვის არმიის და უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მასირებული დარტყმების სამიზნეა ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" ობიექტები.

"ჰამასის" მიერ კონტროლირებული ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულია 200-ზე მეტი ადამიანი.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა Fox News-ს განუცხადა, რომ ისრაელმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას წინასწარ აცნობა ღაზაში ოპერაციის განახლების გადაწყვეტილება და მასთან კონსულტაციები ჰქონდა.

აშშ-ის, კატარის და ეგვიპტის შუამავლობით ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 2025 წლის 19 იანვრიდან ამოქმედდა. რამდენიმეეტაპიანი შეთანხმება ითვალისწინებდა ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას და "ჰამასის" მიერ მძევლების, ხოლო ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას.

პირველ ეტაპზე, რომელიც 1 მარტს დასრულდა, "ჰამასმა" ისრაელს დაუბრუნა 33 მძევალი (მათგან 8 ცხედარი), ხოლო ისრაელმა გაათავისუფლა დაახლოებით 1800 პალესტინელი პატიმარი.

მეორე ეტაპის პირობების შეთანხმება ვეღარ მოხერხდა.

15 მარტს ნეთანიაჰუმ ისრაელის წარმომადგენლებს მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის წინადადებების საფუძველზე, შუამავლების მეშვეობით "ჰამასთან" მოლაპარაკება გაეგრძელებინათ. უიტკოფის მოთხოვნა იყო, რომ "ჰამასს" დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა 11 ცოცხალი მძევალი და ისრაელისთვის გადაეცა დაღუპულთა ცხედრების ნახევარი.

16 მარტს უიტკოფმა CNN-ს განუცხადა, რომ აქვს შუალედური წინადადება, რომლის თანახმად, "ჰამასმა" უნდა გაათავისუფლოს ხუთი ცოცხალი მძევალი, მათ შორის აშშ-ის მოქალაქე ედან ალექსანდერი, სანაცვლოდ კი ისრაელი გაათავისუფლებს პალესტინელი პატიმრების მნიშვნელოვან ნაწილს.

თავის მხრივ, "ჰამასმა" განაცხადა, რომ მზად იყო გაეთავისუფლებინა ალექსანდერი და ისრაელისთვის გადაეცა ოთხი მძევლის ცხედარი. ამას უიტკოფმა მიუღებელი პასუხი უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S