19-03-2025 01:14:29 ევროპა
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია ევროპის იმედი ჰქონდეს, "მას იმედებს არ გავუცრუებთ".
“ორივე ვთანხმდებით, რომ უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს, უკრაინას შეუძლია ევროპის იმედი ჰქონდეს და მას იმედებს არ გავუცრუებთ… ასევე ვთანხმდებით, რომ არ შეიძლება უკრაინაზე გადაწყვეტილება იყოს უკრაინასთან კონსულტაციის გარეშე”, - განაცხადა შოლცმა.
სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე გერმანიის კანცლერმა, ასევე აღნიშნა, რომ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა “შეიძლება იყოს უკრაინისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯი”, მაგრამ “შემდეგი ნაბიჯი სრული ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს, რაც შეიძლება სწრაფად”.
თავის მხრივ, მაკრონმა თქვა:
“ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინისთვის, უკრაინული არმიისთვის მის თავდაცვით ომში რუსული აგრესიის წინააღმდეგ[მოლაპარაკების] პირველი ეტაპები ყალიბდება, მაგრამ მიზანი იგივე უნდა დარჩეს - გვქონდეს მყარი, გაზომვადი და შემოწმებადი ცეცხლის შეწყვეტა. რა თქმა უნდა, ეს წარმოუდგენელია უკრაინელების მაგიდასთან ყოფნის გარეშე”.
საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე მიესალმა გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) მიერ გერმანიის თავდაცვის გაძლიერებისთვის მიღებულ დიდ საინვესტიციო გეგმას, რაც მაკრონმა აღწერა როგორც “ისტორიული კენჭისყრა” და “კარგი ამბავი” ევროპისთვის.