
უილსონი: ომის დამნაშავე პუტინმა უკვე დაარღვია შეთანხმება და შეურაცხყოფა მიაყენა ტრამპს, მას არ სურს მშვიდობა, მას სურს უკრაინა
19/03/2025 06:40:18 მსოფლიო
"ომის დამნაშავე პუტინმა უკვე დაარღვია შეთანხმება და შეურაცხყოფა მიაყენა პრეზიდენტ ტრამპს. პუტინის ძალებმა სლოვიანსკში მდებარე ენერგოსისტემებს მართვადი ბომბები ესროლეს და შეტევები უკრაინაში ახლაც გრძელდება. პუტინს არ სურს მშვიდობა, მას სურს უკრაინა“, — ამის შესახებ რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის: 18 მარტს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მხარეთა შეთანხმებით, სამშვიდობო ძალისხმევა დაიწყება ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტით და გაიმართება ტექნიკური მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტაზე შავ ზღვაში, ასევე, ცეცხლის სრულად შეწყვეტასა და სრულ მშვიდობაზე.
წუხელ რუსულმა ძალებმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს. კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიკოლა კალაშნიკის ინფორმაციით, ბუჩის რაიონში დაიჭრა 60 წლის მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამავე რაიონში დანგრეულია 9 კერძო სახლი. კალაშნიკის ცნობით, სახლი დაზიანდა კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონშიც.
უკრაინის სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღამის პირველი საათისთვის რუსული დრონი დაეცა კრასნოპოლსკის საავადმყოფოს შენობის სახურავს. მისივე ცნობით, მსხვერპლი არ არის და სამედიცინო დაწესებულებიდან ევაკუაცია განხორციელდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გვიან ღამით სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ რუსეთმა ისევ შეუტია სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რაც ადასტურებს, რომ მასზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს. ზელენსკის განცხადებით, პუტინმა ფაქტობრივად, უარყო ცეცხლის სრულად შეწყვეტის წინადადება, ამიტომ სწორი იქნება, თუ პასუხად მსოფლიო უარყოფს პუტინის ნებისმიერ მცდელობებს, გაახანგრძლივოს ომი.
მისი თქმით, აუცილებელია გაგრძელდეს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები, უკრაინის დახმარება და მუშაობა უსაფრთხოების გარანტიებზე. ზელენსკის განცხადებით, მხოლოდ სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების რეალურად შეწყვეტა იქნება იმის დასტური, რომ რუსეთს ომის დასრულება სურს.