
ზელენსკი: რუსეთთან ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების პროცესში ყველაზე რთული ტერიტორიების საკითხი იქნება, ბერლინის კედელი არ არის ვარიანტი
20/03/2025 06:26:05 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების პროცესში ყველაზე რთული ტერიტორიების საკითხი იქნება. როგორც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ იუწყება, ამის შესახებ მან მედიისთვის გამართულ ონლაინ-ბრიფინგზე ისაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტმა ბრიფინგი 19 მარტს, ღამით გამართა, რასაც წინ უძღოდა მისი სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.
„ტერიტორიების საკითხი იქნება ყველაზე რთული. მე ამას ვგრძნობ, ჩვენ ეს გვესმის. ეს ჩვენთვის ყველასთვის გამოწვევა იქნება. ამ საკითხებში უკრაინას მაქსიმალურად დავიცავთ, მაგრამ იოლი არ იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს ესმის, რომ უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად იურიდიულად არასდროს აღიარებს.
"დღეს უკრაინაში არის გაჭრილი და გაყოფილი ქალაქები და თუ არსებული ხაზები დარჩება, ისინი იქცევიან უსიცოცხლო ადგილებად, რადგან ნახევარ ქალაქში დაბრუნებას არავინ მოისურვებს. თუ იგივე მოხდება დიდ ქალაქებშიც, ეს იქნება ბერლინი(მეორე მსოფლიო ომის შედეგად გაყოფილი). მე ეს გულახდილად ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს. გვინდა ბერლინი? გვინდა ბევრი ასეთი ქალაქი? ვფიქრობ, ერთმანეთს გავუგეთ, რომ ეს არ არის ვარიანტი. ბერლინის კედელი ეს არ არის ვარიანტი“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
ცნობისთვის: უკრაინასა და რუსეთს შორის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მიზნით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 და 19 მარტს სატელეფონო საუბრები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
ერთი თვით ადრე, 18 თებერვალს საუდის არაბეთში აშშ-ის და რუსეთის მაღალჩინოსნების შეხვედრა გაიმართა.
გარდა ამისა, 11 მარტს საუდის არაბეთში მოლაპარაკება გამართეს აშშ-ის და უკრაინის დელეგაციებმაც. კიევი დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ.
უკრაინაში ომის შეწყვეტის საკითხზე საუდის არაბეთში მოლაპარაკებები 23 მარტს უნდა განახლდეს.