
რუსეთის ქალაქ ენგელსზე, სადაც სამხედრო აეროდრომი და ნავთობის საცავი მდებარეობს, დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან
20/03/2025 06:38:39 მსოფლიო
რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსზე, სადაც სამხედრო აეროდრომი და ნავთობის საცავი მდებარეობს, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ იუწყებიან.
რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, დღეს, 20 მარტს, ღამის ოთხი საათისთვის მომხდარ აფეთქებებს ქალაქის იმ რაიონში, სადაც ნავთობის ბაზა მდებარეობს, ხანძარი მოჰყვა.
დრონებით შეტევა დილის ექვსი საათისთვის დაადასტურა სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა, თუმცა ნავთობის საცავის შესახებ არაფერი უთქვამს. გუბერნატორის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობებით, ნაწილობრივ ჩამსხვრეულია ენგელსის კლინიკური საავადმყოფოს, სკოლისა და ორი საბავშვო ბაღის ფანჯრები და დაშავებულია ერთი ადამიანი.
ბუსარგინისინფორმაციით, დღეს ენგელსის სკოლებში გაკვეთილები დისტანციურად ჩატარდება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 20 მარტს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, "ღამის განმავლობაში გაანადგურეს 132 უკრაინული დრონი და მათგან ყველაზე მეტი, 54 - სარატოვის ოლქში".
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქალაქ ენგელსის ნავთობის საცავს და სამხედრო აეროდრომს დრონებით არაერთხელ დაარტყეს. რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.