21-03-2025 21:31:09 ევროპა
პრინცი უილიამი ჩავიდა ესტონეთში დიდი ბრიტანეთის მსხვილ სამხედრო მისიაში ჩართული ჯარისკაცების მხარდასაჭერად. მისია მიზნად ისახავს ბალტიისპირეთის სახელმწიფოს დაცვას რუსეთის მხრიდან შესაძლო საფრთხეებისგან. ამის შესახებ BBC იუწყება.
გამოცემა აქვეყნებს ფოტოებს, რომლებშიც პრინცი სამხედრო ფორმაშია გამოწყობილი, ზის "ჩელენჯერ 2"-ის ტანკში. ეს ფოტოები რუსეთის საზღვართანაა გადაღებული. თუ სამეფო ვიზიტებს აქვს სიმბოლური გზავნილი, მაშინ პრინცის გამოჩენა ტანკით რუსეთის საზღვართან ახლოს შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე პირდაპირ სიგნალად, - აღნიშნავს BBC.
ესტონეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პრინცმა უილიამმა მოინახულა რეგიონში დისლოცირებული ბრიტანეთის ჯარების კონტინგენტი, მათ შორის მერსიანის ლეგიონის ჯარისკაცები, რომლის ხელმძღვანელიც თავად არის. ტაპას ბანაკში, სადაც სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს, მას სამხედრო პოლიგონი დაათვალიერებინეს. პრინცს აჩვენეს საველე მანევრები და შეხვდა ესტონეთისა და საფრანგეთის სამხედრო მოსამსახურეებს. ტაპას სამხედრო ბანაკში მან ჯარისკაცებთან განიხილა თანამედროვე დრონების საფრთხე და შესაძლო ტაქტიკური ცვლილებები, რომლებიც საჭიროა ამ გამოწვევის ეფექტური წინააღმდეგობისთვის.
20 მარტს პრინცი ტალინსაც ეწვია, სადაც ადგილობრივების მიერ შექმნილი უპილოტო საფრენი აპარატი დაათვალიერა. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში პრინცი ეწვია ტალინში მდებარე სკოლას, სადაც უკრაინელი ლტოლვილი ბავშვები სწავლობენ. იქ მან აღფრთოვანება გამოხატა უკრაინელი ხალხის სიმტკიცისა და გამბედაობის გამო.
„უკრაინის გამძლეობა ყველგან იგრძნობა. თქვენ გაქვთ ძლიერი სული და კეთილი გული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, - თქვა პრინცმა უილიამმა.