სტამბოლის მერი, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს

24-03-2025 10:39:23 მსოფლიო

თურქეთის ოპოზიციურმა „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა სტამბოლის არჩეული მერი ექრემ იმამოღლუ, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.

23 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პრაიმერიზი, რომელშიც პარტიის ინფორმაციით, მონაწილეობა მიიღო 15 000 000-მა მოქალაქემ (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დაახლოებით მეოთხედი) და მათგან 13,2 მილიონმა ექრემ იმამოღლუს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ თავმჯდომარემ ოზგურ ოზელმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს მიმართა, ვადამდელი არჩევნები დანიშნოს და ექრემ იმამოღლუს არჩევნებში შეებრძლოს.

ცნობისთვის: სტამბოლის მერი, 54 წლის ექრემ იმამოღლუ 19 მარტს კორუფციის ბრალდებით დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზეც. 23 მარტს სასამართლომ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იგი ჩამოაშორეს სტამბოლის მერის თანამდებობასაც. იმამოღლუ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. მისი დაკავების შემდეგ, 19 მარტიდან მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ბოლო დღეებში თურქეთის ხელისუფლებამ ასეულობით დემონსტრანტი დააკავა.

Новости

Другие новости