24-03-2025 11:27:36 მსოფლიო
უკრაინის არმიაში აცხადებენ, რომ რუსეთს ოთხი სამხედრო ვერტმფრენი გაუნადგურეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ სოციალური ქსელებით დღეს, 24 მარტს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან ურთიერთქმედებით რუსეთის ბელგოროდის ოლქში გაანადგურეს კა-52 ტიპის ორი და მი-8 ტიპის ორი ვერტმფრენი.
სპეციალური ოპერაციების ძალების ცნობით, ყველა ვერტმფრენი „მტრის ზურგში სარაკეტო დარტყმებით გაანადგურეს", თუმცა როდის, დაკონკრეტებული არ არის.
„მტერს ისევ ეგონა, რომ ღრმა ზურგში მიუწვდომელი იყო. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის მიუწვდომელი არაფერია. გავაგრძელოთ მუშაობა!“,- აცხადებენ სპეციალური ოპერაციების ძალებში.