
უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთმა უკრაინაზე შეტევისას ბოლო 24 საათში ერთი ბალისტიკური რაკეტა და სხვადასხვა ტიპის 139 დრონი გამოიყენა
25/03/2025 08:46:43 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინაზე შეტევისას ბოლო 24 საათში ერთი ბალისტიკური რაკეტა და სხვადასხვა ტიპის 139 დრონი გამოიყენა.
მისი ცნობით, საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 78 ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს უკრაინის სამხრეთ, ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებში, ხოლო 34 „უპილოტო-იმიტატორი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.
პოლტავის ოლქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მირგოროდის რაიონში რუსული დრონების ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე. მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად ზაპოროჟიეს რაიონში ორი ადამიანი დაიჭრა. ნაწილობრივ დანგრეულია ერთი კერძო სახლი. კიევის ოლქის ფასტოვის და ბორისპოლის რაიონებში სასაწყობე შენობებს ხანძარი გაუჩნდა.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებულმა შეტევამ ქალაქ იზიუმში, სამოქალაქო საწარმოს ტერიტორიაზე გამოიწვია შენობების ნგრევა და მასშტაბური ხანძარი.
ხელისუფლების წარმომადგენლები კონკრეტულ საწარმოებს არ ასახელებენ.