25-03-2025 21:54:04 საზოგადოება ,სამართალი
მთაწმინდის პარკის მიმდებარედ, პარკინგთან არსებული შენობა, სადაც ხალხი ფოტოების გადასაღებად შედის, ჩამოინგრა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა.
"აქცენტის" ინფორმაციით, შემთხვევა 24 მარტს, საღამოს მოხდა. 112-ს გამვლელები დაუკავშირდნენ, რომლებმაც ნგრევა შენიშნეს.
დაღუპული 30 წლამდე კაცია. ის კლინიკაში გადაყვანამდე, ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა.
"მშენებარე კედელი ჩამოინგრა და მოყვნენ. სამნი არიან მოყოლილი, ჩემი შვილის ძმაკაცი დაღუპულია და ორი მძიმე მდგომარეობაშია, საავადმყოფოში არიან". - უთხრა "ტვ პირველს" ერთ-ერთი დაშავებულის დედამ.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.