კიშინიოვში გაგაუზიის პრორუსი ხელმძღვანელი დააკავეს

26-03-2025 16:43:37 ევროპა

კიშინიოვში დააკავეს მოლდოვის გაგაუზიის პრორუსი მეთაური ევგენია გუცული. გაგაუზია მოლდოვის ავტონომიური ოლქია, სადაც მძლავრობს სეპარატისტული და პრორუსული განწყობები.

მედია კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით წერს, რომ ევგენია გუცული, რომელიც 2024 წლიდან სანქცირებულია აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ, 25 მარტს, საღამოს დააკავეს კიშინიოვის აეროპორტში - ქვეყნის დატოვების მცდელობისას.

მას ბრალს დღეს, 26 მარტს, წარუდგენენ.

მოლდოვაში გუცულის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის ორი საქმე. ერთი ეხება პოლიტიკური საქმიანობის უკანონოდ დაფინანსებას(რუსეთიდან), ხოლო მეორე 2022 წელს კიშინიოვში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ორგანიზებაში მონაწილეობას. ევგენია გუცული ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები