
თეთრ სახლში უარყვეს პუტინის იდეა უკრაინაში "დროებითი მთავრობის დანიშვნის" შესახებ
28/03/2025 11:45:27 მსოფლიო
აშშ-ს თეთრმა სახლმა უარყო ვლადიმირ პუტინის წინადადება უკრაინაში "დროებითი მთავრობის დანიშვნის" შესაძლებლობის შესახებ.
თუმცა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ის პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით, უპასუხა, რომ უკრაინაში მმართველობის განსაზღვრა მხოლოდ მისი კონსტიტუციითა და ქვეყნის მოსახლეობის მიერ შეიძლება.
"რა თქმა უნდა, შესაძლებელია გაეროს, აშშ-ს, ევროპული ქვეყნების, ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების ეგიდით უკრაინაში დროებითი მმართველობის დანიშვნა განვიხილოთ". - თქვა პუტინმა 27 მარტს.
პუტინის მტკიცებით, უკრაინის ამჟამინდელი მმართველობა არალეგიტიმურია, რადგან ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარებულა მას შემდეგ, რაც ზელენსკის ვადა ამოეწურა:
"თუ ის [ზელენსკი] თავად არის არალეგიტიმური, მაშინ ყველა დანარჩენიც [არალეგიტიმური] არის". - თქვა პუტინმა და განმარტა, რომ არჩევნების ჩატარება უცხოური ზედამხედველობის ქვეშ შეიძლება, რათა დაინიშნოს მთავრობა, რომელსაც "ხალხის ნდობა აქვს".
იდეას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოეხმაურნენ.
„თუ პუტინი კვლავ ვერ ხვდება, ვისთან უნდა ისაუბროს, რათა სერიოზულად წავიდეს ამ ომის დასასრულისკენ, მან უბრალოდ უნდა მიიღოს რამდენიმე აბი ტვინის აქტივობის დასაწყებად - თუ დავუშვებთ, რომ ასეთი აბები მაინც იმოქმედებს მასზე."- წერს ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი კომუნიკაციებში დმიტრო ლიტვინი
ლიტვინმა პარტნიორებს შეახსენა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა სულ მცირე ორი დადასტურებული დარტყმა მიიტანა უკრაინაზე, რამაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დააზიანა: "და მსგავსი შემდგომი თავდასხმების თავიდან აცილება - ეს არის ის, რისი უზრუნველყოფაც ჩვენი პარტნიორების პასუხისმგებლობაა".
უკრაინაში საომარი მდგომარეობა ძალაში 2022 წლის თებერვლიდან შევიდა, როდესაც რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანად შეიჭრა. უკრაინის კონსტიტუცია საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარებას კრძალავს.