
ირანი ამერიკასთან ბირთვული პროგრამის შესახებ პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვაზე უარს აცხადებს, თუმცა არაპირდაპირ დისკუსიას არ გამორიცხავს
31/03/2025 05:41:22 მსოფლიო
ირანმა უარი განაცხადა, გამართოს პირდაპირი მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბირთვული პროგრამის შესახებ, თუმცა არაპირდაპირ მოლაპარაკებას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ირანის ხელისუფლების პასუხი ტრამპის წერილზე, რომელიც გაგზავნილია ომანის სახელმწიფოს შუამავლობით [აშშ-სა და ირანს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ], არ გამორიცხავს არაპირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობას.
"ჩვენ არ გავურბივართ მოლაპარაკებებს. აქამდე ეს იყო დარღვეული დაპირებები, რაც გვაწუხებდა. აშშ-მა უნდა დაამტკიცოს, რომ სანდოა", - განაცხადა ფეზეშქიანმა.
ეს არის თეირანის პირველი ოფიციალური პასუხი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წერილზე, რომელიც მან ირანის უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის გაუგზავნა.
ირანის პრეზიდენტის ხსენებულ განცხადებამდე, დონალდ ტრამპმა NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "თუ ირანი არ მიაღწევს შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან, იქნება დაბომბვა“:
"ეს იქნება დაბომბვა ისეთი მასშტაბით, როგორიც ირანს აქამდე არ უნახავს“.