„ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევა გვაქვს, რომელიც მსუბუქი კლინიკური ფორმით მიმდინარეობს“
02/03/2020 10:22:10 საზოგადოება
„ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევა გვაქვს, რომელიც მსუბუქი კლინიკური ფორმით მიმდინარეობს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და იქვე დასძინა, რომ ამ ტიპის კორონავირუსის ახალი შემთხვევა ჯერ-ჯერობით არ დაფიქსირებულა.
„თებერვლის განმავლობაში არის 171 შესაძლო შემთხვევა, რომელიც გამოკვლეულ იქნა კლინიკურად და ლაბორატორიულად. აქედან ახალი ტიპის კორონავირუსის მხოლოდ სამი შემთხვევა დადასტურდა, რომელიც მსუბუქი კლინიკური სურათით მიმდინარეობს. სამივე პაციენტი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში იმყოფება და მათზე მუდმივი მონიტორინგი ხორციელდება. რაც შეეხება კარანტინს, ამ დროის მონაცემებით, საკარანტინო სივრცეში რჩება 97 ადამიანი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, დღეს ლუგარის სახელობის კვლევით ლაბორატორიაში 14 პირის ანალიზები გადაიგზავნა და პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია:
„მოგეხსენებათ, გახანგრძლივდა სკოლის და უმაღლესი სასწავლებლების არდადეგები, მოწოდება გვქონდა, რომ დიდი თავშეყრის ღონისძიებებს მოვრიდებოდით, თეატრებმა და დიდი თავშეყრის ადგილებმა შეაჩერეს მუშაობა. მიმდინარეობს სასწავლო დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების შესაბამისი ჰიგიენური დამუშავება".
ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა რეკომენდაციები და მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდა.


