
დავით არახამია: არანაირი არჩევნები არ მზადდება
01/04/2025 05:59:52 მსოფლიო
უკრაინის მმართველ პარტიაში უარყოფენ, რომ პრეზიდენტის ოფისში ჩატარდა შეხვედრა არჩევნების მომზადების საკითხზე. კერძოდ, პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ გამოცემა Суспiльне-ს განუცხადა, რომ მსგავს თათბირში მონაწილეობა არ მიუღია და ასეთი თათბირი არც ყოფილა.
არახამიას თქმით, "ყველა საპარლამენტო პარტია და ჯგუფი დაეთანხმა, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან ექვსი თვის შემდეგ და ეს პოზიცია, პრინციპში, არ შეუცვლიათ".
მისი თქმით, "არანაირი არჩევნები არ მზადდება".
31 მარტს გამოცემა The Economist-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც მეორე ვადით კენჭისყრას აპირებს, თათბირი ჩაატარა და განიხილებოდა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, სავარაუდოდ, ივლისში არჩევნების ჩატარების საკითხი.
ცნობისთვის: 28 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ისევ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების ორგანოები არალეგიტიმურია. პუტინი მიიჩნევს, რომ უკრაინაში დროებითი გარე მმართველობა უნდა დამყარდეს.
დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ აღიარებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის იდეას უკრაინაში, გაერო-ს და რამდენიმე ქვეყნის ეგიდით, დროებითი მმართველობის შემოღების შესახებ.