
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი მოწამლვის ნიშნებით საავადმყოფოშია
02/03/2020 12:30:41 კონფლიქტები
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი ასლან ბჟანია სოჭის საავადმყოფოში მოათავსეს, - იუწყება რუსული „ინტერფაქსი“.
„ბჟანია სოჭში შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფოდ მოათავსეს ქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში. როგორც ჩანს, საუბარია კვებით ინტოქსიკაციაზე“,- განუცხადა „ინტერფაქსს“ ბჟანიასთან დაახლოებულმა პოლიტოლოგმა რენატ ქვარჩიამ.
მისივე თქმით, „პრეზიდენტობის კანდიდატის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“.
თუმცა აფხაზური ოპოზიციური მედიის ინფორმაციით, ბჟანია "ხელმეორედ მოწამლეს", მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა "მძიმეა და იგი სასწრაფოდ კრასნოდარშია გადაყვანილი".
28 თებერვალს ბჟანია მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც პრესკონფერენციაც გამართა.
აფხაზეთის ფე დაქტო რესპუბლიკაში ხელახალი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს უნდა ჩატარდეს. ძირითადი კანდიდატები ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, აფხაზეთის ე.წ. მთავრობის ვიცე-პრემიერი ადგურ არძინბა და შინაგან საქმეთა ყოფილი დე ფაქტო მინისტრი ლეონიდ ძიაფშბა არიან.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ადგილობრივი ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებს დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციაში შეჭრა და შემდეგ ხაჯიმბას გადადგომა მოჰყვა. ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ვალერი ბგანბას დაევალა.
დე ფაქტო პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ე.წ. უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ წინ უძღოდა მისი შეხვედრა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან რაშიდ ნურგალიევთან. ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარების გამო რუსეთმა სოხუმში გაგზავნა პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვიც, რომელიც 12 იანვარს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. "რადიო თავისუფლების" პროექტ Кавказ.Реалии-ს წყაროების ინფორმაციით, სურკოვთან შეხვედრაზე ხაჯიმბამ უარი თქვა. მოგვიანებით თანამდებობიდან თავად სურკოვიც გაათავისუფლეს.
ცნობისთვის: წინასაარჩევნო პერიოდში, 2019 წლის 18 აპრილს ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იგი დაცვის ორ წევრთან ერთად, ერთნაირი სიმპტომატიკით სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს. გაჩნდა ეჭვი მათი განზრახ მოწამლვის თაობაზე. 20 მაისს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ და ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შემოდგომისთვის გადატანა მოითხოვეს. დე ფაქტო პარლამენტმა გადატანას მხარი არ დაუჭირა, რის შემდეგაც ოპოზიციამ დაუმორჩილებლობის უვადო აქცია გამოაცხადა. 21 მაისს ოპოზიციასა და დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად ე.წ. არჩევნები 25 აგვისტოსთვის გადაიტანეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ასლან ბჟანიამ მათში მონაწილეობა ვერ შეძლო და კვლავ მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. 5 ივნისს ბჟანია გერმანიაში გადააფრინეს, სადაც მან მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსი განაგრძო, 11 ოქტომბერს კი იგი კვლავ მოსკოვში დააბრუნეს. ასლან ბჟანია სოხუმში მხოლოდ 2019 წლის დეკემბერში დაბრუნდა და ახლა მზად იყო, ხელახალ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა.