
"ევროპული საქართველო" საარჩევნო სისტემის თანაფარდობას 130/20 მხარს დაუჭერს
02/03/2020 12:40:44 საშინაო პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტია საარჩევნო სისტემის თანაფარდობას 130/20 იმ შემთხვევაშიც დაუჭერს მხარს, თუ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერები არ გათავისუფლებიან.
„ორი კომპონენტია ურთიერთდაკავშირებული - პოლიტიკური დევნა/პოლიტპატიმრების გამოშვება და არსებითად პროპორციული სისტემა, რაც არის, მაგალითად, 130/20. თუ ეს ორი კომპონენტი არ დაკმაყოფილდა, პოლიტიკური შეთანხმება ვერ შედგება, ნორმალიზაცია ვერ მოხდება, მაგრამ პროპორციული რომ შემოიტანოს ხვალ ივანიშვილმა, რაც არარეალისტურია, ჩვენ არც დასავლელ პარტნიორებთან და არც სხვასთან ჩავიგდებთ თავს სასაცილო მდგომარეობაში, რომ ვთქვათ, "რახან გვიჭერენ, ხმას არ მივცემთ"-თქო, - განაცხადა გიგა ბოკერიამ ოპოზიციური პარტიების მორიგი კონსულტაციების დაწყების წინ.
ამასთან, მისივე თქმით, “ევროპული საქართველო” 110/40 ვარიანტს მხარს არ დაუჭერს.
ხსენებული შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მისმა თანაპარტიელმა სერგი კაპანაძემ დააზუსტა, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე არანაირი პოლიტიკური ნორმალიზაცია არ იქნება, ხოლო 130/20 ვარიანტზე „ევროპული საქართველო“ მხოლოდ თეორიულად საუბრობს:
„არანაირი 130/20 ამ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან შეთავაზებული არ არის და ამაზე მათ პოზიცია დააფიქსირეს ხისტად. რაც შეეხება სხვა შემოთავაზებებს, რომელიც გუშინ ბრიფინგზე დააფიქსირეს, ეს შემოთავაზება არანაირ კავშირში არ არის ეფექტურ პროპორციულობასთან. ანუ, იქ არ არის საუბარი არც იმაზე, რომ პროპორციულის მსგავსი შედეგი დადგება, არც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე. შესაბამისად, მათ წინადადებას სერიოზულად ვერ და არ განვიხილავთ“.