Accentnews.ge
ტრამპმა, მათ შორის საქართველოს 10%-იანი ტარიფი დაუწესა

ტრამპმა, მათ შორის საქართველოს 10%-იანი ტარიფი დაუწესა

03/04/2025 05:39:45 მსოფლიო

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის ახალი სატარიფო პოლიტიკა წარადგინა, რომლის თანახმად, იგი აწესებს აშშ-ში უცხო სახელმწიფოებიდან იმპორტზე, სულ მცირე, 10%-იან ტარიფებს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში სატარიფო განაკვეთი 49%-საც კი აღწევს.

თეთრი სახლის გამოქვეყნებული სიის თანახმად, დონალდ ტრამპმა 10%-იანი ტარიფი დაუწესა საქართველოსაც.

თუკი ტარიფები ძალაში შევა, საქართველოს შემთხვევაში, იგი ძირითადად საქართველოს სამთო მოპოვებით ინდუსტრიას შეეხება. სწორედ ფეროშენადნობებია საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელი შეერთებულ შტატებში.

თეთრი სახლი შესაბამის გადაწყვეტილებას „საპასუხო ტარიფებს“ უწოდებს და მიუთითებს, რომ 10% არის ტარიფი, რაც საქართველოს აშშ-ისთვის აქვს დაწესებული.

10%-იანი ტარიფი მინიმალური, საბაზინო განაკვეთია.

საქართველოს გარდა, 10%-იანი ტარიფი დაუწესდა უკრაინას, თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს და სხვა არაერთ ქვეყანას.

მოლდოვას 31%-იანი ტარიფი დაუწესდა, ჩინეთს - 34%–იანი და ა.შ..

ევროკავშირის სახელმწიფოებისთვის გადასახადი 20%-ია, შვეიცარიისთვის - 31%, ისრაელისთვის - 17% და ა.შ. ტარიფები ყველაზე მაღალია(46-დან 49%-მდე) ვიეტნამის, ლაოსისა და კამბოჯისთვის.

"აშშ-ს 50 წელიწადზე მეტხანს ძარცვავდნენ, რაც აღარ მოხდება. ეს არის გათავისუფლების დღე და ამერიკული ეკონომიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია", – განაცხადა ტრამპმა 2 აპრილს.

ამასთან, დონალდ ტრამპი აწესებს 25%-იან ტარიფებს აშშ-ის ფარგლებს გარეთ წარმოებულ ავტომობილებზე, წარმოების ქვეყნების განურჩევლად.

  • საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ბრუნვა

2024 წელს საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ბრუნვამ $2.21 მილიარდი შეადგინა.

აქედან აშშ-დან საქართველოში იმპორტი $2.08 მილიარდი იყო, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი - მხოლოდ $141 მილიონი.

ამერიკიდან საქართველოში შემოტანილი ყველაზე მსხვილი პროდუქცია მსუბუქი ავტომობილებია, ხოლო საქართველოდან აშშ-ში გატანილი - ფეროშენადნობები.

2024 წელს საქართველომ $90 მილიონის ღირებულების ფეროშენადნობები გაიტანა აშშ-ში.

აშშ საქართველოსათვის სავაჭრო პარტნიორებში, 2024 წლის მონაცემებით, მესამე ადგილზეა, საექსპორტო პარტნიორებში კი მე-9 ადგილზე.

ფეროშენადნობები, რაც საქართველოდან აშშ–ში გატანილი ძირითადი პროდუქტია, აშშ-ს ძირითადად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ბრაზილიიდან და ყაზახეთიდან შეაქვს.

ცნობისთვის: თეთრი სახლის ცნობით, ტრამპის მიზანია, რომ აღადგინოს აშშ-ის, როგორც მწარმოებელი ქვეყნის შესაძლებლობები და შეამციროს სავაჭრო დეფიციტი.

ჯერ კიდევ გეგმის გამოცხადებამდე, მექსიკა, კანადა, იაპონია, ევროკავშირი და სამხრეთ კორეა აშშ-ს საპასუხო ტარიფების შესახებ აფრთხილებდნენ.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ რყევები გამოიწვია საფონდო ბირჟებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S