
უკრაინაზე რუსული დრონებით მორიგ შეტევას 4 ადამიანი ემსხვერპლა
04/04/2025 05:47:13 მსოფლიო
უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსული დრონებით მორიგ შეტევას 4 ადამიანი ემსხვერპლა.
საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთი დრონი მოხვდა ორსართულიან სახლს, რომლის ერთი სადარბაზო მთლიანად დაინგრა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ხარკოვის მერ იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, დაშავებულია 35 ადამიანი.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ზაპოროჟიეს ოლქზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი.
გასულ ღამით, რუსეთის ჯარებმა დრონებით შეუტიეს უკრაინის დედაქალაქ კიევსაც. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიკოლა კალაშნიკის ცნობით, კიევის ბროვარის რაიონში ერთი ადამიანი დაშავდა. ორ ადგილზე ხანძარი გაჩნდა. დაზიანებულია ათი ავტომობილი.
თავის მხრივ, რუსეთი უკრაინული დრონებით მორიგი შეტევისა და მსხვერპლის შესახებ იუწყება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 4 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით დადასტურებული არ არის, გასული ღამიდან დღეს დილამდე საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს 107 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. მათგან 34 - კურსკის ოლქში, 30 - ორიოლის ოლქში, 18 - ლიპეცკში, 7 - კალუგის ოლქში, 4-4 - როსტოვის ოლქსა და აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე, 3-3 - ტამბოვის და მოსკოვის ოლქებში, 2 - ბრიანსკში, 1 - ვორონეჟის ოლქში და 1 - ტულაში".
ბრიანსკის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ბოგომაზის ტელეგრამ არხზე 04:00 საათისთვის გამოქვეყნებული ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მოსკოვის ოლქის ქალაქ ჩეხოვში დაზიანებულია რამდენიმე სახლი. სხვა რეგიონებიდან მსხვერპლის, ან ნგრევის შესახებ არაფერს იუწყებიან.