
გიორგი ვოლსკი გიგი უგულავას კითხვით მიმართავს
02/03/2020 15:40:20 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი "ევროპული საქართველოს" პატიმრობაში მყოფ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას მიმართავს.
„თუკი შეგიძლია, გაიმარჯვო და შეცვალო სიტუაცია საარჩევნო სისტემაში, საარჩევნო პაექრობაში ჩაერთე, იქ გამოიჩინე თავი და მერე გადაწყვიტე, თუ შეუძლია ამ მთავრობას, უთხრას პროკურატურას, "დაივიწყე, 30 მილიონი მოიპარა თუ 50 მილიონი, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ რაღაც პოლიტიკური გემოვნება დავაკმაყოფილოთ". ძალიან მიჭირს გიგი უგულავაზე საუბარი. ციხეში ჯდომა ისეთი რაღაც არის, რომ ემოციურად ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ხომ ფაქტია და გამარჯვება თუ გინდა, მოდი და გაიმარჯვე. ან ბოკერია, მჯიღს რომ ირტყამს მკერდში, გაიმარჯვოს. მივმართავ ეთერით, დამისახელოს ერთი ოლქი მაინც, სადაც თავის კანდიდატურას დააყენებს და გაიმარჯვებს. მეორე - ულტიმატუმის თემა და მესამე - რატომ ამბობენ უარს ყველანაირად შეთანხმებულ პოზიციაზე, თუ არა ერთი მიზეზი.... მე მაქვს უფლება და მაქვს საფუძველი, მქონდეს დიდი ეჭვი“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში საუბრისას.
ცნობისთვის: უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალმდებელი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლისა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ ეს გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.
ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.