
ტრამპის მიერ მსოფლიოს ქვეყნებისთვის საბაჟო ტარიფების დაწესების შემდეგ საფონდო ბირჟების რყევა გრძელდება
07/04/2025 08:24:57 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტ დოლანდ ტრამპის მიერ მსოფლიოს ქვეყნებისთვის საბაჟო ტარიფების დაწესების შემდეგ საფონდო ბირჟების რყევა გრძელდება.
კომპანიები მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან. კერძოდ, დღეს, 7 აპრილს ტოკიოს ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებისას, თითქმის 9%-ით დაეცა ინდექსი Nikkei, რომელიც იაპონიის 255 კომპანიის აქციათა მდგომარეობას ასახავს.
ჩინეთის საფონდო ბირჟებზე ვარდნა 6-8% იყო. 8%-ით დაეცა ჰონგ-კონგის ბირჟის ინდექსი. სამხრეთ კორეის ბირჟაზე აქციათა კურსის ვარდნის გამო ვაჭრობა დროებით შეაჩერეს.
დღეს ძირითადი ინდექსების ვარდნას ელოდებიან ამერიკის საფონდო ბირჟაზეც, რომელიც მოგვიანებით გაიხსნება.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 6 აპრილს განაცხადა, რომ კვირის ბოლოს ესაუბრა პოლიტიკოსებს, მათ შორის ევროპასა და აზიაში, სადაც ტარიფებზე შეთანხმების მიღწევა სურთ. ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მზად არის სავაჭრო პარტნიორებთან ტარიფების განსახილველად, მაგრამ სავაჭრო დეფიციტსა და დისბალანსს აღარ შეეგუება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, რომლის სატარიფო პოლიტიკამ მსოფლიოს საფონდო ბაზრებზე შოკი გამოიწვია, თავისი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დაიცვა და განაცხადა, რომ ზოგჯერ რაღაცის გამოსასწორებლად წამლის მიღებაა საჭირო.