"ძალის არგამოყენების დოკუმენტი და კომუნიკაციების გახსნა" - სოხუმი კობახიძეს პასუხობს

07-04-2025 16:39:37 კონფლიქტები

"ოცნების" პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობის შესახებ ცხინვალის კვალდაკვალ სოხუმიც გამოეხმაურა. როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში აცხადებენ, თბილისის მხრიდან მსგავსი განცხადებები "მოწმობს საქართველოს ხელისუფლების არსურვილს, უარი თქვას ძველ მიდგომებზე, რომლებიც დიდი ხანია, აღარ პასუხობს შექმნილ რეალობას".

"აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელმაც საკუთარი სტატუსი ხალხის ნების საფუძველზე განისაზღვრა. საქართველოსთან შემდგომი თანაარსებობა შესაძლებელია კეთილმეზობლლობისა და ურთერთპატივისცემის საფუძველზე. ამდენად, "ტერიტორიული მთლიანობის" შესაძლო აღდგენის შესახებ პოპულისტური განცხადებების ნაცვლად გვსურს, დავინახოთ სწრაფვა კონსტრუქციული დიალოგისა და კომპრომისების ძიებისკენ, რაც მშვიდობიანი და ურთერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბების შესაძლებლობას მოგვცემდა" - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყების საპასუხო განცხადებაში.

აფხაზური მხარე კვლავ იმეორებს თბილისსა და სოხუმს შორის ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის გაფორმების მოთხოვნას და ამჯერად მას კომუნიკაციების გახსნასაც ამატებს. "ეს, უდავოდ, ხელს შეუწყობდა რეგიონში სტაბილურობას" - ნათქვამია დე-ფაქტო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის: ირაკლი კობახიძემ პროპაგანდისტული სახელისუფლებო ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გაიმეორა საქართველოს ფაქტობრივი მმართველის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო ნარატივი, თითქოს მსოფლიოში არსებული დინამიური ვითარების გათვალისწინებით, "სწორი პოლიტიკის გაგრძელების" შემთხვევაში "ნებისმიერ წუთს" შეიძლება, შეიქმნას პირობები საქართველოს ტერიტორიული გამთლიანებისთვის და რომ "ამისთვის მოსამზადებლად" საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები