08-04-2025 18:53:04 კონფლიქტები
აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრად ვლადიმირ დელბა დაინიშნა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ “პრემიერ-მინისტრის” თანამდებობაზე ვლადიმირ დელბა დანიშნა.
ასლან ბჟანიას მმართველობის დროს ამ “პოსტს” ალექსანდრ ანქვაბი იკავებდა, თუმცა უკანასკნელ პერიოდში ვრცელდებოდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ იგი ახალ დე ფაქტო ხელისუფლებაში აღარ იქნებოდა. მეტიც, კრემლსა და დე ფაქტო ხელისუფლებასთან აფილირებულ ტელეგრამ-ჯგუფებში აქტიურად დაიწყო ანქვაბის დისკრედიტაციის კამპანია, მას “ტოქსიკურ” ფიგურად მოიხსენიებენ და აღნიშნავენ, რომ ბადრა გუნბას გუნდი საკუთარ საქმიანობაში “გამჭვირვალობის პრინციპით” იხელმძღვანელებს, ხოლო ანქვაბი ამისთვის შეუფერებელი კანდიდატია კორუფციული გარიგებების გამო. აღსანიშნავია, რომ ანქვაბი ერთ-ერთი “მაღალჩინოსანი” იყო, რომელიც რუსეთის შეღავათიანი კრედიტის პროგრამით სარგებლობდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ “პრემიერ-მინისტრის” თანამდებობაზე ყოფნისას მან ნავთობის ბაზარზე სრული მონოპოლია მოიპოვა. საგულისხმოა, რომ ანქვაბი ბადრა გუნბას “საარჩევნო” შტაბის ხელმძღვანელი იყო, თუმცა მის ე.წ. ინაუგურაციას არ დასწრებია.
ვლადიმირ დელბა 1996 წლიდან დე ფაქტო ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა “თანამდებობაზე” მუშაობდა, მათ შორის 2011-2015 წლებში ე.წ. ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი იყო. რაულ ხაჯიმბას “პრეზიდენტობის” დროს იგი აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა, თუმცა 2020 წელს ისევ “ფინანსთა მინისტრად” დაინიშნა. მას შემდეგ, რაც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ბადრა გუნბამ გაიმარჯვა, ხოლო ოპოზიციის მიერ დანიშნულმა “პრემიერმა” ვალერი ბგანბამ “თანამდებობა” დატოვა, დელბა აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.
ვლადიმირ დელბას „თანამდებობაზე დანიშვნა“ უკვე მიულოცა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა.
აფხაზეთში აცხადებენ, რომ სოხუმის აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს
აფხაზეთის დე ფაქტო ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ სოხუმის აეროპორტში სერტიფიცირების სამუშაოები წარმატებით დასრულდა, რაც “მნიშვნელოვან ეტაპია აეროპორტის სრულფასოვანი ფუნქციონირების აღდგენისა და საჰაერო მიმოსვლის განახლების მოსამზადებლად”.
“სერტიფიცირების პროცესის ფარგლებში, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სამინისტრომ სხვა უწყებებთან ერთად ჩაატარა ყოვლისმომცველი შემოწმება სოხუმის აეროპორტის შესაბამისობის შესახებ, მათ შორის, ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნების, ნორმატიული აქტებისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების დაცვაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შემდეგი მიმართულებების შეფასებას: აფრენა-დაფრენის ზოლის მდგომარეობა, განათების სისტემა, სანავიგაციო მოწყობილობები, საკომუნიკაციო საშუალებები, გადაუდებელი და სამაშველო სამსახური, ასევე საავიაციო უსაფრთხოების სამსახური“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. მათივე თქმით, „სერტიფიცირების წარმატებით დასრულება ადასტურებს, რომ სოხუმის აეროპორტის ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა შეესაბამება თანამედროვე უსაფრთხოების მოთხოვნებს და უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდების მიღებისა და მომსახურების შესაძლებლობას”.
მოსალოდნელია, რომ სოხუმის მიმართულებით რეგულარული რეისები 1 მაისიდან განხორციელდება და ამისთვის მზაობა რუსეთის რამდენიმე ფედერალურმა ერთეულმა დაადასტურა. პირველი საცდელი ფრენა 7 თებერვალს, კრემლის ფავორიტი-კანდიდატი ბადრა გუნბას ე.წ. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განხორციელდა.
ბადრა გუნბამ თურქეთში მცხოვრები აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები მიიღო
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუნბა თურქეთში მცხოვრები აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც აფხაზეთს „საინაუგურაციო ცერემონიაზე“ დასასწრებად ეწვივნენ.
დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გუნბამ სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყოველთვის „თვალყურს ადევნებს საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების ცხოვრებას“.
„ჩვენს თანამემამულეებთან ბევრს ვსაუბრობ და კარგად ვიცი მათი გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ. ეს ურთიერთობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მან. მისივე თქმით, აფხაზეთი მომავალშიც გააგრძელებს დიასპორასთან მეგობრული კავშირების გაღრმავებას და „სამშობლოსთან მისი ურთიერთობების მხარდაჭერას“.
დე ფაქტო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომისთვის გადაიდო
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დაამტკიცა „კანონპროექტი“, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ე.წ. არჩევნების 2025 წლის 8 ნოემბერს ჩატარებას ითვალისწინებს. არსებული რეგულაციების მიხედვით, მორიგი „ადგილობრივი არჩევნები“ აპრილში უნდა გამართულიყო.
დე ფაქტო ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას ახლახან ჩატარებული დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებით ხსნის, რაც ახლო პერიოდში ახალი „არჩევნების“ დანიშვნას შეუძლებელს ხდის. გარდა ამისა, გათვალისწინებულ იქნა მოახლოებული ტურისტული სეზონი, რომელიც, დე ფაქტო წარმომადგენელთა პროგნოზებით, უპრეცედენტო იქნება, განსაკუთრებით ახალი აეროპორტის ამოქმედებისა და სამგზავრო მატარებლების დამატების გათვალისწინებით.