"იანდეკს.ტაქსიმ" პირადი მონაცემების ძალოვანებისთვის გადაცემა დაადასტურა

03-03-2020 12:47:12 ეს საინტერესოა

სერვისმა "იანდეკს.ტაქსი" დაადასტურა, რომ მგზავრთა გადაადგილების ისტორიებს ძალოვან უწყებებს გადასცემს.

29 თებერვალს ინტერნეტ-გამოცემა "ბაზამ" ყოფილ პოლიციელ იგორ ლიახოვეცის ჩვენება გამოაქვეყნა, რომელსაც გამოძიება ოპოზიციონერ აქტივისტ ივან გოლუნოვის საქმეში მონაცემების ფალსიფიკაციის ორგანიზატორად მიიჩნევს. პოლიციელმა აღიარა, რომ გოლუნოვის სახლის მისამართი "იანდეკს. ტაქსის" მეშვეობით მოიპოვა.

"სერვისი ვალდებულია, ძალოვანი უწყებების განაცხადების საპასუხოდ მათ შესაბამისი მონაცემები მიაწოდოს. როგორც წესი, მსგავსი მომართვების დროს ძალოვანები არ გვატყობინებენ, რა მიზნით ესაჭიროებათ მოქალაქის მონაცემები, ეჭვმიტანილია იგი, თუ პირიქით, დაზარალებული. უფლება არ გვაქვს, მათ უარით ვუპასუხოთ" -განუცხადა გამოცემას კომპანიის პრეს-მდივანმა ნატალია როჟკოვამ.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული სერვისი რუსეთის ინფორმაციის გამავრცელებელთა რეესტრში არ ფიგურირებს. ირკვევა ისიც, რომ ძალოვანი უწყებები სერვისს მგზავრთა მონაცემების მიწოდების შესახებ განაცხადით ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიმართავდნენ.

ცნობისთვის: იანვრის ბოლოს კავშირგაბმულობის მინისტრი მაქსუდ შადაევი გამოვიდა ინიციატივით, 2024 წლიდან ყველა თანამშრომელს, რომელიც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაშია ჩართული, გაფართოებული წვდომა მიენიჭოს რუსეთის მოქალაქეების პირადი მონაცემების არსებულ ბაზებზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები