Accentnews.ge
RSF: ორი ფრანგი ჟურნალისტი საქართველოში განმარტებების გარეშე არ შემოუშვეს

RSF: ორი ფრანგი ჟურნალისტი საქართველოში განმარტებების გარეშე არ შემოუშვეს

10/04/2025 16:30:46 პოლიტიკა

რეპორტიორები საზღვრების გარეშეს (RSF) ინფორმაციით, ორ ფრანგ ჟურნალისტს - კლემან ჟირარდოს და ჟერომ შობოს - ოფიციალური ახსნა-განმარტების გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა აუკრძალეს.

RSF საქართველოს მთავრობის ამ ქმედებას დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვის უფრო ფართო მცდელობის ნაწილად მიიჩნევს, რომელიც მიმდინარე საპროტესტო მოძრაობებს უკავშირდება.

RSF წერს, რომ ფოტოჟურნალისტი ჟერომ შობო საქართველოში, თბილისის აეროპორტში, 30 მარტს დააკავეს და რამდენიმე საათის განმავლობაში აეროპორტში გააჩერეს. მას უარი უთხრეს ტელეფონსა და ბარგზე წვდომაზე, მოსთხოვეს ორი გაურკვეველი ჯარიმის - ჯამში 10,000 ლარის - ნაღდი ანგარიშწორებით გადახდა და შემდეგ გააძევეს. მას არ მიუღია ოფიციალური შეტყობინება გაძევების შესახებ. შობო საქართველოში ორთვიანი საპროტესტო აქციების გაშუქების შემდეგ საფრანგეთში დაბრუნდა და ახლა სამართლებრივ დავას აწარმოებს.

RSF-ის მტკიცებით, მისი შემთხვევა ჰგავს კლემან ჟირარდოს საქმეს, რომელიც უკვე ათ წელზე მეტია საქართველოში მუშაობს და თანამშრომლობს ისეთ ცნობილ საერთაშორისო მედიასთან, როგორებიცაა Le Monde, Society და Al Jazeera.

12 თებერვალს, საფრანგეთიდან დაბრუნებისას, ჟირარდოს საქართველოს საზღვარზე შესვლის საშუალება არ მისცეს. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ პოლიციელებმა ის საზღვარზე დააკავეს და განმარტების გარეშე დააბრუნეს უკან. ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც მან მიიღო, გაურკვეველ მიზეზზე მიუთითებდა.

RSF აღნიშნავს, რომ მიუხედავად საფრანგეთის საელჩოსა და ადგილობრივი ადვოკატის ჩართულობისა, ასევე სახალხო დამცველის მიერ ჟურნალისტის მხარდამჭერი პოზიციისა, რომელმაც მისი უფლებების უხეში დარღვევა აღნიშნა, ხელისუფლება დუმილს ინარჩუნებს. მისი პირველი საჩივარი სასამართლომ არ მიიღო, ხოლო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა 23 ივნისისთვის არის ჩანიშნული.

RSF-ის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორმა ჟან კაველიემ ჟურნალისტებისთვის საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა შეაფასა როგორც მიზანმიმართული შიშის დათესვის მცდელობა, განსაკუთრებით იმ პირების მიმართ, რომლებიც 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული სადავო არჩევნების შემდეგ დემონსტრაციების გაშუქებით იყვნენ დაკავებულნი. მან მოუწოდა მმართველ პარტიას, დაიცვას პრესის თავისუფლება და ასევე, საფრანგეთსა და ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლებაზე წნეხის გაზრდისკენ მოუწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S