ჩეჩნეთში პოლიციელზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მოზარდის ცხედარი ქალაქის მოედანზე დააგდეს და ხალხი შეკრიბეს [ვიდეო]

10-04-2025 21:09:54 კავკასია

7 აპრილის საღამოს ჩეჩნეთში, აჩხოი-მარტანში უცნობი პირი საგზაო პატრულის თანამშრომლებს დანით დაესხა თავს. ერთი პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაშავდა კიდევ ორი. მოგვიანებით თავდასხმაში ეჭვმიტანილი მოზარდის ცხედარი ქალაქის მოედანზე დატოვეს და საჯარო სექტორის თანამშრომლები აიძულეს, ეყურებინათ. რამზან კადიროვმა თავდამსხმელის ნათესავების ჩეჩნეთიდან გაძევება მოითხოვა.

როგორც "Кавказский узел" წერს, 9 აპრილს აჩხოი-მარტანში საჯარო სექტორის ყველა თანამშრომელი შეკრიბეს ქალაქის ცენტრში მიტინგზე. ერთ-ერთი რაიონული სკოლის დირექტორმა გამოცემას განუცხადა, რომ ღონისძიების დეტალები წინასწარ არავინ იცოდა.

„[გროზნოში] გაიხსენეს ოფიცრებზე თავდასხმის ვიდეო და ჩათვალეს, რომ დადგა დრო აღმზრდელობითი მომენტისთვის. მაგრამ ვერც ერთი მონაწილე ვერ წარმოიდგენდა უარეს კოშმარშიც კი თუ რა სცენარი დაიწერა გროზნოში მიტინგის გამართვისთვის. ხოლო ამ აქციაში მონაწილეობა მიიღეს არა მხოლოდ უფროსებმა, არამედ სკოლის მოსწავლეებმაც“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა.

აქციის ერთ-ერთმა იძულებითმა მონაწილემ გამოცემას განუცხადა, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ხოზა ბურსაგოვი და რაიონის ყადი აბდურაშიდ დადუევი გამოცხადდნენ შეკრებილების წინაშე. იმავე მომენტში მიახლოებული მანქანიდან სისხლიან ცელოფანში გახვეული "რაღაცის" ამოღება დაიწყეს. აღმოჩნდა, რომ ეს იყო იმავე მოზარდის ცხედარი, რომელსაც ხელისუფლება პოლიციელებზე თავდასხმაში ადანაშაულებდა.

ფაქტის ამსახველი ვიდეო ჩეჩნეთის ოპოზიციურმა ტელეგრამ- არხებმა გაავრცელეს. პირველ ვიდეოში, რომელიც გადაღებულია აჩხოი-მარტანის ადმინისტრაციის მახლობლად, ჩანს, რომ ხალხია გარშემორტყმული ახალგაზრდის ცხედარს. ისმით ქალების ტირილის ხმა. თვითმხილველების თქმით, აქციის დატოვების უფლება არავის მისცეს და რამდენიმე ქალმა გონება დაკარგა.

ოპოზიციური ტელეგრამის არხი NIYSO, რომელმაც ვიდეო გამოაქვეყნა, ირწმუნება, რომ ცხედარი აქციის დასრულების შემდეგ მოედანზე დარჩა. მეორე ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოჩნდა, მოზარდის ცხედარი სხვა ადგილას დევს, იქვე კი მანქანები მოძრაობენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები