
საქართველოს ექს–პრეზიდენტს პირადი დაცვა მოეხსნა
03/03/2020 09:13:25 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ექს–პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პირადი დაცვა მოეხსნა.
„გუშინ მთელი გულით მადლობა გადავუხადე არაჩვეულებრივი სამსახურისთვის და დავემშვიდობე ჩემი პირადი დაცვის წევრებს. ეს დამარცხებული „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა, რომ ძირი გამოუთხაროს პრეზიდენტის ინსტუტუტს“,- წერს მარგველაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ შესაბამისი გადაწყვეტილება გასული წლის ოქტომბერში მიიღო. "მოცემულ ეტაპზე არ იკვეთება რაიმე გარემოება, რის გამოც გიორგი მარგველაშვილისთვის სახელმწიფო დაცვის შენარჩუნება აუცილებელი იქნებოდა", – აცხადებდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.
თავად მარგველაშვილი ახალ კანონს "პერსონალურად მასზე მორგებულ ცვლილებას" უწოდებს.
ახალი კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის“ დასაცავ პირთა სიაში აღარ ირიცხებიან და შესაბამისად, დაცვა ეხსნებათ. ამასთან, კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერით, დასაცავ პირებს შესაძლოა, არ მოეხსნათ დაცვა იმ შემთხვევაში, თუ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.