
„40-ზე ნაკლები მაჟორიტარული ოლქის შექმნა გეგორაფიულადაც რთულად მისაღწევია“
03/03/2020 10:07:44 საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 40-ზე ნაკლები მაჟორიტარული ოლქის შექმნა, რასაც ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს, „გეგორაფიულადაც რთულად მისაღწევია“.
„როგორ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველო 20 საარჩევნო ოლქად დაიყოს? როგორ შეიძლება, ქვეყანაში ოთხი-ხუთი რაიონი ერთ მაჟორიტარულ ოლქად გაერთიანდეს? ეს ვინმემ მომიყვეს და შემდეგ შეიძლება, ამაზე სერიოზულად ვილაპარაკოთ. 40-ზე ნაკლები მაჟორიტარული ოლქის შექმნა გეგორაფიულადაც რთულად მისაღწევია“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, მმართველი პარტია მზადაა, საარჩევნო ბარიერის დაწევაზე იმსჯელოს:
„საარჩევნო ბარიერი რამდენი პროცენტი უნდათ, - თვითონ გადაწყვიტონ. 34 პარტია შეთანხმდეს და თქვან, რამდენი უნდათ და ის ჩაიწერება პროექტში. არანაირი პრობლემა არ გვაქვს“.
ოპოზიციის მოსაზრება იმაში მდგომარეობს, რომ პარტიამ მთავრობის დასაკომპლექტებლად მინიმუმ, ხმების 40% უნდა მიიღოს, რაც რიცხვებში ფორმულას 130/20 ნიშნავს, ანუ 130 დეპუტატი პროპორციული წესით აირჩეს, ხოლო 20 – მაჟორიტარულით.
ცნობისთვის: ახალი საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ინიცირებისთვის 1 კვირა რჩება. ამ დრომდე საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიღწეული არ არის.
დღეს აშშ–ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას გამოსავლის პოვნისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და განაცხადა: „თუ საარჩევნო სისტემის თაობაზე პროგრესს ვერ ვიხილავთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება ის, რასაც გავაკეთებთ“.