14-04-2025 20:36:58 ევროპა
ევროკავშირი განიხილავს სამხედრო მრჩევლების გაგზავნას უკრაინაში, რათა იმუშაონ უკრაინული ჯარების მომზადების მისიის ფარგლებში. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მან თქვა, რომ უნგრეთი ამის წინააღმდეგია.
„მათ სურთ სამხედრო მრჩევლების გაგზავნა კიევში – როგორც მისიის ნაწილის, რომელიც ადრე შეიქმნა უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებისთვის“, - თქვა სიიარტომ.
მან გაიხსენა, რომ უნგრეთმა მხარი დაუჭირა მისიას, მაგრამ ერთი მთავარი პირობით - ასეთი მისია მხოლოდ უკრაინის ფარგლებს გარეთ იმოქმედებდა.
ევროკავშირის სამხედრო ინსტრუქტორებმა არ უნდა წარმართონ სასწავლო პროგრამები უკრაინელი ჯარისკაცებისთვის უკრაინის ტერიტორიაზე, რადგან მას თან ახლავს ომის ესკალაციის სერიოზული რისკი, - ხაზგასმით აღნიშნა სიიარტომ.
„ჩვენთვის ეს წითელი ხაზია“, - დასძინა მან.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში კაია კალასმა ასევე ახსენა სასწავლო მისია ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, მაგრამ კონკრეტიკის გარეშე.
„გვაქვს მისია უკრაინელი ჯარისკაცების მოსამზადებლად. უკვე მომზადდა 73 000-ზე მეტი ადამიანი. ასე რომ, დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როდესაც საქმე ეხება (საწვრთნელ) მისიებს - უნდა გავაფართოვოთ თუ არა ჩვენი მისიების მანდატი,რათა ასევე წვლილი შევიტანოთ მსურველთა კოალიციის უსაფრთხოების გარანტიებში?!",- თქვა მან.