14-04-2025 22:07:54 ევროპა
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ 10 მილიონი ევრო გამოყო თანამედროვე უკრაინული შორი მანძილის იარაღის წარმოებისთვის.
უმეროვის თქმით, ეს 10 მილიონი 2024 წლის დეკემბერში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გამოყოფილი პირველი ტრანშია.
"ეს იარაღი უკვე ეფექტურად მუშაობს ფრონტზე - ზრდის ჩვენს დისტანციას, სიზუსტეს და ძალას", - ხაზგასმით აღნიშნა მან.
„მაღალი სიზუსტის იარაღი უკვე ფრონტის ხაზზეა და აქვს მაღალი მაჩვენებელი საბრძოლო გამოცდაში“ - აცხადებს ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროც.
უკრაინელმა მინისტრმა ასევე თქვა, რომ უკრაინა, ლიეტუველ პარტნიორებთან ერთად, მუშაობს შემდეგ ეტაპზე - კიდევ 10 მილიონი ევროს დახმარებაზე, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას, "გავზარდოთ წარმოება და განვავითაროთ ჩვენი შორი მანძილის შესაძლებლობები".
"ეს არის უკრაინის ძლიერებაში, ჩვენს დამოუკიდებლობასა და მთელი ევროპის უსაფრთხოებაში ჩადებული სტრატეგიული ინვესტიცია. მადლიერები ვართ ლიეტუვის მთავრობისა და ხალხის მათი მტკიცე მხარდაჭერის, სტრატეგიული ხედვისა და ჩვენს გამარჯვებაში რეალური წვლილისთვის“ - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი X-ის პლატფორმაზე.
„უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისთვის არის ევროპის თავისუფლებისთვის ბრძოლა. ლიეტუვა გააგრძელებს მხარდაჭერას, რამდენ ხანსაც ეს დასჭირდება უკრაინას გამარჯვებისთვის. ...ლიეტუვა დარჩება ერთგულ პარტნიორად, რომელიც მზად არის ნებისმიერი დახმარების გასაწევად, რაც საჭიროა გამარჯვებისთვის“ - განაცხადა ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა დოვილე შაკალიენემ.
შეგახსენებთ, რომ რამშტაინის ფორმატში 11 აპრილს ლიეტუვამ პირობა დადო, რომ კიევს სამხედრო დახმარების სხვადასხვა ფორმატში 30 მილიონ ევროს გამოუყოფდა.
მარტში დრონების კოალიციამ, რომელშიც ასევე შედის ლიეტუვა, გამოყო 20 მილიონი ევრო საერთო ფონდიდან უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის ტაქტიკური დონის სათვალთვალო აპარატების შესაძენად.