Accentnews.ge
სოხუმში ასლან ბჟანიას მხარდამჭერები აქციას მართავენ

სოხუმში ასლან ბჟანიას მხარდამჭერები აქციას მართავენ

03/03/2020 11:24:13 კონფლიქტები

სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტობის კანიდიდატ ასლან ბჟანიას მხარდამჭერები აქციას მართავენ. ისინი "პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბგანბას გადადგომას მოითხოვენ.

როგორც ადგილიდან "რადიო თავისუფლების" რუსულენოვან პროექტ "ეხო კავკაზას" კორესპონდენტი იუწყება, დე ფაქტო მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ბჟანიას მშობლიური სოფლის - ტამიშის მაცხოვრებლები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები ბგანბას კაბინეტში ავიდნენ და მისი გადადგომა მოითხოვეს.

"ასლან ბჟანიას გარეშე 22 მარტისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება" - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კვლავინდებურად მძიმეა. აფხაზური ოპოზიციური მედიის ინფორმაციით, ბჟანია დაცვის წევრებთან ერთად "ხელმეორედ მოწამლეს".

ცნობისთვის: 28 თებერვალს ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც პრესკონფერენციაც გამართა.

აფხაზეთის ფე დაქტო რესპუბლიკაში ხელახალი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს უნდა ჩატარდეს. ძირითადი კანდიდატები ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, აფხაზეთის ე.წ. მთავრობის ვიცე-პრემიერი ადგურ არძინბა და შინაგან საქმეთა ყოფილი დე ფაქტო მინისტრი ლეონიდ ძიაფშბა არიან.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ადგილობრივი ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებს დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციაში შეჭრა და შემდეგ ხაჯიმბას გადადგომა მოჰყვა. ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ვალერი ბგანბას დაევალა.

დე ფაქტო პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ე.წ. უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ წინ უძღოდა მისი შეხვედრა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან რაშიდ ნურგალიევთან. ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარების გამო რუსეთმა სოხუმში გაგზავნა პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვიც, რომელიც 12 იანვარს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. "რადიო თავისუფლების" პროექტ Кавказ.Реалии-ს წყაროების ინფორმაციით, სურკოვთან შეხვედრაზე ხაჯიმბამ უარი თქვა. მოგვიანებით თანამდებობიდან თავად სურკოვიც გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, 2019 წლის 18 აპრილს ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იგი დაცვის ორ წევრთან ერთად, ერთნაირი სიმპტომატიკით სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს. გაჩნდა ეჭვი მათი განზრახ მოწამლვის თაობაზე. 20 მაისს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ და ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შემოდგომისთვის გადატანა მოითხოვეს. დე ფაქტო პარლამენტმა გადატანას მხარი არ დაუჭირა, რის შემდეგაც ოპოზიციამ დაუმორჩილებლობის უვადო აქცია გამოაცხადა. 21 მაისს ოპოზიციასა და დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად ე.წ. არჩევნები 25 აგვისტოსთვის გადაიტანეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ასლან ბჟანიამ მათში მონაწილეობა ვერ შეძლო და კვლავ მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. 5 ივნისს ბჟანია გერმანიაში გადააფრინეს, სადაც მან მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსი განაგრძო, 11 ოქტომბერს კი იგი კვლავ მოსკოვში დააბრუნეს. ასლან ბჟანია სოხუმში მხოლოდ 2019 წლის დეკემბერში დაბრუნდა და ახლა მზად იყო, ხელახალ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S