15-04-2025 15:10:51 ევროპა
ევროკავშირმა წევრი და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რომლებიც წევრობის კანდიდატები არიან, გააფრთხილა, მონაწილეობა არ მიიღონ მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილ სამხედრო აღლუმსა და სხვა ღონისძიებებში. აღნიშნული ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა დაადასტურა 14 აპრილს, ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ლუქსემბურგში იმყოფებოდნენ დასავლეთ ბალკანეთიდან კანდიდატი ქვეყნების მინისტრებიც.
კალასის ინფორმაციით, მკაფიოდ ითქვა, რომ მოსკოვში ზეიმში მონაწილეობა მიუღებელია, როცა რუსეთი ევროპაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, უკრაინის მხარდასაჭერად რაც შეიძლება ხშირად ჩავიდნენ კიევში.
რუსული მედიის ინფორმაციით, ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავის აღსანიშნავად მოსკოვში მიწვეული არიან სერბეთის (ევროკავშირის წევრობის კანდიდატი), სლოვაკეთის (ევროკავშირის წევრი), ჩინეთის, ინდოეთის და ბრაზილიის ლიდერები.
გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ 14 აპრილს ლუქსემბურგში შეკრებილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 9 მაისს უკრაინაში მიიწვია და მოუწოდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში უდიდესი აგრესიის ფონზე ერთიანობა და სიმტკიცე აჩვენონ.