ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს ტერიტორიული მთლიანობის უფლება

15-04-2025 16:03:44 მსოფლიო

გაეროს წესდების მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის უფლებას, არ ვრცელდება უკრაინაზე, ვინაიდან კიევის ხელმძღვანელობა არ წარმოადგენს ქვეყნის მთელი მოსახლეობის ინტერესებს,- ამგვარი განცხადება გააკეთა რუსეთის - ქვეყნის, რომელიც აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს მეზობელ უკრაინაში, ასევე ოკუპირებული აქვს კიდევ ერთი მეზობლის, საქართველოს ტერიტორიები, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა "კომერსანტთან".

„რატომ არის აუცილებელი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, როცა იქ არის მთავრობა, რომელიც არ წარმოადგენს ყირიმს, არც დონბასს, არც ნოვოროსიას და არც სხვა რიგ ტერიტორიებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება კიევის ნაცისტური რეჟიმის კონტროლის ქვეშ?" - თქვა ლავროვმა.

მისი თქმით, ის რეგულარულად გადასცემს ამ პოზიციას გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერესს, როდესაც ის მოითხოვს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას, ორგანიზაციის წესდებაზე დაყრდნობით.

„1970 წელს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში ნათქვამია: პატივი ეცით ყველა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, რომელთა მთავრობები არ არღვევენ თვითგამორკვევის პრინციპს და შესაბამისად წარმოადგენენ მოცემულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მთელ მოსახლეობას. ნუთუ ზელენსკი წარმოადგენს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობას? არასოდეს!” - განაცხადა ლავროვმა.

მან დასძინა, რომ რუსეთის აზრი ყაზახეთის პრეზიდენტს კასიმ-ჟომარტ ტოკაევსაც გადასცა მას შემდეგ, რაც მან გააკრიტიკა ვლადიმირ პუტინი უკრაინაში შეჭრის გამო. 2022 წლის ზაფხულში ტოკაევმა გააფრთხილა, რომ მსოფლიო ჩავარდებოდა „ქაოსში“, თუ ჩვენ ვიხელმძღვანელებდით მხოლოდ ერების თვითგამორკვევის უფლების იდეით, სახელმწიფოების საზღვრებისა და სუვერენიტეტის უფლების უგულებელყოფით.

"მისთვის (ტოკაევი) არსებობს მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის უფლება“, - განაცხადა ლავროვმა. — "მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი: თუ თქვენ ხართ გაეროს წევრი, პატივი უნდა სცეთ ქარტიას მთლიანად. კერძოდ, ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემენ იმ სახელმწიფოებში, რომელთა მთავრობები წარმოადგენენ მოცემულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ხალხს“.

მისი მსჯელობის მიხედვით, თუ მოსკოვი დაიწყებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვას, ეს ნიშნავს "რუსების, რუსულენოვანი ხალხის დაბრუნებას, რომლებიც ნაცისტური რეჟიმიდან გაქცეულნი არიან <…> მონსტრების კლანჭებში".

სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის უფლება გათვალისწინებულია გაეროს წესდების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში, რომელსაც ხელი მოაწერეს 1945 წელს გაეროს კონფერენციაში მონაწილე 50 ქვეყნის წარმომადგენლებმა.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრმა საერთაშორისო ურთიერთობებში თავი შეიკავოს ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ძალის მუქარისგან ან გამოყენებისგან, ან გაერთიანებული ერების მიზნებთან შეუსაბამო სხვა გზით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები